„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავს
„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შუალედურ არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავს

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ვლადიმერ მგალობლიშვილი აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2 აპრილისთვის დაგეგმილ შუალედურ არჩევნებზე პროვოკაციებს გეგმავს.

ვლადიმერ მგალობლიშვილმა ამომრჩევლებს მოუწოდა, პროვოკაციებს თავი აარიდონ.

„პარტიის საპარლამენტო და არასაპარლამენტო ლიდერები განთავსდებიან ბათუმში 14 საარჩევნო უბანზე და ბუნებრივია, მათი მიზანი არ არის სრულფასოვანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელება. მათი მიზანია, პროცესის რაც შეიძლება მეტად დაძაბვა, საარჩევნო პროცესის ჩაშლა. მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მაქსიმალურად მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ასევე, თავი აარიდონ პროვოკაციას“, – განაცხადა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

ამასთან, ვლადიმერ მგალობლიშვილმა შეაფასა ბათუმის საქალაქო სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი უსაფუძვლო იყო.

„დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეოთხე სამაჟორიტარო ოლქში რამაზ ჯინჭარაძე იგებს. ეს ცნობილია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ და ბოლო დღეებში მიმართავენ სხვადასხვა პროვოკაციულ ფორმას, რათა არჩევნების შედეგების დისკრედიტაცია მოახდინონ. მათ მიმართეს სასამართლოს და საარჩევნო კამპანიიდან რამაზ ჯინჭარაძის ჩამოშორება მოითხოვეს. დღეს სასამართლომ უსაფუძვლობის გამო, მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მათთვის წინასწარ არის ცნობილი, რომ „ქართული ოცნება“ 20 პროცენტის უპირატესობით იგებს, საკრებულოს უმრავლესობის ფორმირებას მოახდენს და უმოკლეს ვადაში გადაჭრის ყველა გამოწვევას, რაც აქვს ბათუმს“, – აღნიშნა ვლადიმერ მგალობლიშვილმა.

ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამაზ ჯინჭარაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი განიხილა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა „ნაციონალური მოძრაობის“ სარჩელი, რომლითაც ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით, ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის რამაზ ჯინჭარაძის რეგისტრაციიდან მოხსნას ითხოვდა.