„ქართული ოცნების“ შტაბში აცხადებენ, რომ სხვა რეგიონებში მცხოვრებთა ზუგდიდში დროებით რეგისტრაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახორციელებენ
„გაერთიანებული ოპოზიციის“ ბრალდებებს საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისში უპასუხეს.
როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, ლაშა გვასალიამ განაცხადა, საცხოვრებელი ადგილის შეცვლა „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ნაცადი ხრიკია და სწორედ მათ ჩამოჰყავთ სხვადასხვა რეგიონიდან ხალხი და დროებით არეგისტრირებენ ზუგდიდში.
მისი თქმით, ოპოზიციის ისტერიკა გამოიწვია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომლის მიხედვითაც, გეგა შენგელია 65 პროცენტით იგებს მერის შუალედურ არჩევნებს.
„ეს არის წმინდა წყლის სიცრუე. ეს ყველაფერი მოჰყვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც, გეგა შენგელიამ მიიღო 65 პროცენტი. სწორედ ამის გამო დაიწყო „ნაცმოძრაობამ“ ჩვეული ხრიკები. ეს არის სრული სიცრუე. პირიქით, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია კონკრეტულ პიროვნებებზე, რომლებიც უკეთებენ მობილიზებას ხალხს და დროებით ჩაწერებს ახორციელებენ. კი ბატონო, მათი ნებაა. ჩამოიყვანონ, ჩაწერონ ადამიანები, ჩვენ არ გვეშინია. მსგავსი ხრიკები მათი მოგონილია. ყველა არჩევნებზე საზოგადოებაზე ზეწოლას გვაბრალებენ და ეს არის სიცრუე“, – განაცხადა ლაშა გვასალიამ.
„გაერთიანებული ოპოზიციის“ წარმომადგენელმა, მურთაზ ზოდელავამ ხელისუფლება საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაში დაადანაშაულა.