მურთაზ ზოდელავა -„ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებს არჩევნების გასაყალბებლად იყენებს
მურთაზ ზოდელავა -„ქართული ოცნება“ საჯარო მოხელეებს არჩევნების გასაყალბებლად იყენებს

„გაერთიანებული ოპოზიცია“ ხელისუფლებას საჯარო მოხელეების საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენებაში ადანაშაულებს. მურთაზ ზოდელავამ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გუბერნატორის მოადგილე მალხაზ თორია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან კაკავას დავალებით, ატარებს თათბირებს და საჯარო მოხელეებს აძლევს დავალებებს, თავიანთი ახლობლები და ნათესავები, რომლებიც სხვა მუნიციპალიტეტებში ცხოვრობენ, ზუგდიდში დაარეგისტრირონ.

მურთაზ ზოდელავას მტკიცებით, აღნიშნულ პროცედურებს ზუგდიდის იუსტიციის სახლში ბაღების გაერთიანების თანამშრომელი ელისო ჩემია კურირებს. მურთაზ ზოდელავამ ბრიფინგზე ჟურნალისტებსაც ვიდეოკადრებიც წარუდგინა.

„როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ არ გამოსწორდება. კვლავ დაიწყეს საჯარო მოხელეების გამოყენება არჩევნების გასაყალბებლად. ადგილზე მათი კონტროლი დაევალა მალხაზ თორიას, რომელიც არის გუბერნატორის მოადგილე და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლევან კაკავას უახლოესი მეგობარი. თორიამ ჩაატარა თათბირი, სადაც დაიბარა ყველა საჯარო მოხელე და ღიად უთხრა, რომ ისინი კონტროლდებიან, მათ შორის უშიშროების მიერ. მათ დაევალათ, მოახდინონ თავიანთი ნათესავების მობილიზება, რომლებიც არ არიან ჩაწერილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. მათ უნდა დაარეგისტრირონ ახლობლები ზუგდიდში საარჩევნო მიზნებისთვის, რათა არაზუგდიდელებმა მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და ხელი შეუშალონ ადგილობრივებს, აირჩიონ მათთვის სასურველი მერი. ჩვენ ეს დავაფიქსირეთ იუსტიციის სახლში. ადგილზე მათი კოორდინატორი არის საჯარო მოხელე ელისო ჩემია. როგორც ჩანს, მას კონკრეტულად დაევალა, ეს პროცესი მართოს იუსტიციის სახლში. მინდა, მალხაზ თორიამ იცოდეს, რომ ყველა ფაქტზე წვდომა გვაქვს. დეტალურ ინფორმაციას ის საჯარო მოხელეები გვაწვდიან, ვისაც მობეზრდა ამ პირობებში ცხოვრება. მივმართავ იუსტიციის სამინისტროს, დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები, რომ გაკონტროლდეს ზუგდიდში დაწყებული ეს ბაკჰანალია“, – აღნიშნა ზოდელავამ.

მურთაზ ზოდელავა მოუწოდებს სამეგრელოს გუბერნატორ ალექსანდრე ​მოწერელიას, გააკონტროლოს მოადგილეების საქმიანობა, რადგან, მისივე თქმით, ისინი დავალებებს შინაგან საქმეთა სამინისტროდან იღებენ. ზოდელავამ ასევე მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს, გაარკვიოს რა ხდება ზუგდიდის იუსტიციის სახლში და მიაქციოს ამ პროცესებს ყურადღება.