„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან ვითარება განიმუხტა. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. პოლიციას კონტრაქციის დაპირისპირებულ ჯგუფებს შორის კორდონი აქვთ გაკეთებული.
ამასთან, ცოტა ხნის წინ ხმაური მოჰყვა პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის გამოჩენას. „ქართული ოცნების“ ოფისთან შეკრებილების ნაწილმა მისი მისვლა შეძახილებით გააპროტესტა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, მმართველი პარტიის ოფისთან მისი მისვლის მიზანი ახალგაზრდების მხარდაჭერაა.
„ის, რაც ქვეყანაში ხდება, ხალხო, არ შეიძლება. ტყუილს არ შეიძლება, გასაქანი ჰქონდეს. ეს არის სახე „ქართული ოცნების“. ეს არის სიმართლის ძალა – როცა ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, გარდა კონტრაქციების მოწყობისა და მხოლოდ პოლიციის კორდონის დაცვის ქვეშ შეუძლია, იმოქმედოს, ეს ხელისუფლება დამთავრებულია“,- აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალესა“ და „სირცხვილიას“ აქტივისტები დღეს საღამოს შეიკრიბნენ. ისინი აპროტესტებენ მცხეთაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც რამდენიმე პირი დაშავდა და აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს.
„ქართული ოცნების“ ოფისთან იმყოფებიან მმართველი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებიც. ახალგაზრდებს შორის ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა.
ადგილზე შეკრებილები ამ დროისთვის დაშლას აპირებენ.