„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გამართეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებს პანდას ნიღბები ეკეთათ, ასევე ქონდათ სათამაშოები პანდის გამოსახულებით.
„შეცვალეს“ წევრების თქმით, აქცია სიმბოლურ ხასიათს ატარებს და სურთ, „ქართული ოცნების“ ოფისის კანცელარიაში სათამაშო პანდა დატოვონ.
„ფეისბუქმა“ „ქართულ ოცნებას“ „პანდა“ დაუბლოკა, ამიტომ გვსურს, ჩვენ დავუტოვოთ მათ სიმბოლურად პანდა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციის მონაწილეებს „ქართული ოცნების“ ოფისის დაცვის წარმომადგენელმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა სათამაშო პანდა პარტიის ოფისთან დატოვეს.
სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.
„ფეისბუქის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ამ ქმედების უკან „ქართული ოცნების“ მიერ მართული მთავრობა და სარეკლამო სააგენტო „პანდა“ გამოავლინა.