„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული ორი პირი სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა
„ქართული ოცნების“ ოფისთან დაკავებული „მოძრაობა საქართველოსთვის“ ორი წევრი სასამართლომ ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. კახა კვეკვესკირი სასამართლომ 1 100 ლარით ადმინისტრაციული წესით დააჯარიმა. მას შსს წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მოძრაობის კიდევ ერთი წევრი დათო დიღმელაშვილი, რომელიც ასევე „ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე დააკავეს, სასამართლომ 1000 ლარით დააჯარიმა. ისინი მიიჩნევენ, რომ მათ კანონი არ დაურღვევიათ.
„ასე სწრაფად გადაწყვეტილების მიღება მოსამართლის მიერ არ არის ახალი ამ ქვეყანაში. ამოპრინტა დადგენილება და გაიქცა. მე დამაჯარიმეს 1 100 ლარით. საერთოდ არანაირი მტკიცებულება სასამართლოს არა აქვს. ჩვენგან შუამდგომლობა არ მიიღეს. გაქცევის დროს მოსამართლემ წამოიძახა, რომ გასაჩივრების უფლება გაქვთო. ამ ქვეყანაში სახელმწიფო არა გვაქვს, დემოკრატია არ არსებობს და ვაპროტესტებდით პერფორმანსის სახით“,- განაცხადა „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრმა, კახა კვეკვესკირმა.
ამავე მოძრაობის წევრი, დათო დიღმელაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს მიერ მის მიმართ დაკისრებული ჯარიმა პოლიტიკურად მოტივირებულია.
„ჩემს შემთხვევაში იყო ათას-ლარიანი ჯარიმა. წინააღმდეგობის გაწევის მუხლი მქონდა. მიმაჩნია, რომ ეს ჯარიმა და პოლიციის მიერ ჩვენდამი დამოკიდებულება სუფთა პოლიტიკური ნიშნით ხდება.
ვაპროტესტებთ ამ ხელისუფლების უზურპაციას და ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს. ეს არჩევნები არის მიტაცებული და ამის გამო აი, ასეთი ადმინისტრაციული ღონისძიებებით გვსჯიან ჩვენ და ჩვენს მეგობრებს“,- განაცხადა დიღმელაშვილმა.
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციაზე ორი პირი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 13 თებერვალს დააკავეს.