„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა
პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში დღეს საპარლამენტო უმრავლესობის, მთავრობის წარმომადგენლებისა და პოლიტსაბჭოს წევრების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მონაწილეობდნენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შეხვედრზე მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული, მათ შორის გადაწყდა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ თავის კანდიდატს არ წარადგენს.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მოგვიანებით გახდება ცნობილი, ვის დაუჭერს ან დაუჭერს თუ არა რომელიმე კანდიდატს მხარს „ქართული ოცნება“. „ჩვენ შესაძლოა, ღიად დავუჭიროთ მხარი არჩევნებში მონაწილე რომელიმე უპარტიო და დამოუკიდებელ კანდიდატს ან შესაძლოა, სულაც უარი ვთქვათ რომელიმე კანდიდატის მხარდაჭერაზე თუ აშკარა იქნება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ჩვენი აქტიურობის გარეშეც შესაძლებელი იქნება პრეზიდენტის თანამდებობაზე ზეპარტიული და დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ უკანასკნელ საკითხზე გადაწყვეტილება საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება მოგვიანებით, როდესაც დასახელდება საპრეზიდენტო კანდიდატთა სრული სპექტრი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.