საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კანდიდატს არ წარადგენს
საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კანდიდატს არ წარადგენს

საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ კანდიდატს არ წარადგენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„დღეს შედგა პარტიული შეხვედრა, სადაც განვიხილეთ მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მივიღეთ გადაწყვეტილება საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ ჩართვის თაობაზე. მიღებული იქნა პრინციპული გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოცნება“ არ წარადგენს თავის კანდიდატს არჩევნებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები განმარტა.

„აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგ მოსაზრებებზე დაყრდნობით: საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, ხალხის მიერ ძალაუფლების ლეგიტიმაცია ხორციელდება საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე. ხალხი ირჩევს პარლამენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს და აყალიბებს მთავრობას, რომელიც ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას. ამ სისტემაში პრეზიდენტს არ აქვს მინიჭებული პოლიტიკური ძალაუფლება და წარმომადგენლობითი ფუნქციები. საპარლამენტო სისტემაში პრეზიდენტი არც განსაზღვარავს სახელმწიფო პოლიტიკას და არც ახორციელებს მას. იგი ვერ წარდგება პოლიტიკური პროგრამით საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით,  პრეზიდენტი უნდა იყოს პოლიტიკურად  ნეიტრალური,  ზეპარტიული თანამდებობის პირი, რომელიც არ ერთვება პარტიულ პოლიტიკურ დაპირისპირებაში, არამედ თვალყურს ადევნებს და ობიექტურად აფასებს ქვეყნის მდგომარეობას.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნება“ საპრეზიდენტო კანდიდატების სრულ სიას გადახედავს და მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს დაუჭერს მხარს ან საერთოდ დაუჭერს თუ არა.

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს პოლიტსაბჭოს წევრების, მთავრობის წარმომადგენლებისა და უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა.