„ქართული ოცნება“ ეგზიტპოლის შედეგებს ხვალ, 20:00 საათზე გამოაქვეყნებს
„ქართული ოცნება“ 28 ოქტომბერს, 20:00 საათზე, საარჩევნო უბნების დახურვისთანავე თავისი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს გამოაქვეყნებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ეგზიტპოლს, სათანადო მეთოდოლოგიის შესაბამისად, 100 საარჩევნო უბანზე ჩაატარებს კვლევითი ორგანიზაცია „ფსიქოპროექტი“.
„მოვუწოდებთ „ნაციონალურ მოძრაობას“, არ გააყალბონ ეგზიტპოლის შედეგები, როგორც ისინი ამ ორი თვის განმავლობაში აყალბებდნენ სოციოლოგიური კვლევის შედეგებს. შევახსენებთ, რომ მათ ტყუილს ექნება მოკლე, კერძოდ – რამდენიმესაათიანი ფეხები და რამდენიმე საათში დაიდება საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური საარჩევნო მონაცემები.
ღიმილისმომგვრელი იყო გუშინწინდელი ფაქტი, როდესაც ეგზიტპოლის მიმართ საზოგადოების ნდობის ასამაღლებლად, „რუსთავი 2“-მა მისი პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელთან, ნინო ჯაფარიძესთან, რომელიც საქართველოშია დაბადებული და გაზრდილი, ინტერვიუ ინგლისურად ჩაწერა. ჩვენი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიმართ ნდობის ასამაღლებლად, ვფიქრობთ, ეგზიტპოლის შედეგები ხვალ ჩვენც ინგლისურად ხომ არ გაგაცნოთ.
მოვუწოდებთ, „რუსთავი 2“-ს, გარდა „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლისა, დადოს სხვა პარტიების დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლების შედეგებიც. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მოვუწოდებთ ყველას, უზრუნველყონ არჩევნების თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარება.
მადლობას ვუხდით აქტივისტებს, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერებს, რომლებმაც ღირსეულად წარმართეს წინასაარჩევნო აგიტაცია და უდიდესი წვლილი შეიტანეს ჩვენს ხვალინდელ წარმატებაში. ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ.
როგორც მოგეხსენებათ, წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი პირველივე ტურში იგებს არჩევნებს. ჩვენი პირველივე ტურში გამარჯვება თქვენს აქტიურობაზეა დამოკიდებული. მოგიწოდებთ, მობრძანდით არჩევნებზე, გამოხატეთ თქვენი სამოქალაქო პოზიცია და შემოხაზეთ ნომერი 48“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.