„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს
„ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს

პარტია „ქართული ოცნება“ ინიციატივით გამოდის, რომ ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე სანქციები გამკაცრდეს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე მომზადებულია და პარლამენტში დღეს დარეგისტრირდება.

წარმოდგენილი ინიციატივის თანახმად, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე.

„ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარების შემდეგ, ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმად, მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე. საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში.

როგორც ხედავთ, ამ ცვლილებებით კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და ამ არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი. ჩვენი მიზანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს. გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ „ქართული ოცნება“ სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.