ქართული მხარე იმედოვნებს, რომ რუსეთი შვეიცარულ SGS-თან გასაფორმებელ კონტრაქტს ხელს დროულად მოაწერს
საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, ქართულ მხარეს მოლოდინი აქვს, რომ რუსეთი შვეიცარულ კომპანია SGS-თან გასაფორმებელ კონტრაქტს ხელს დროულად მოაწერს და მხარეები იმპლემენტაციის ბაზაზე გადავლენ.
როგორც ჟურნალისტებს ჯანელიძემ განუცხადა, საქართველოს დელეგაციის, რუსეთისა და შვეიცარიის წარმომადგენლობის ჩართულობით გუშინ შეხვედრა გაიმართა.
მინისტრის თქმით, შეხვედრა ასევე გაიმართა საქართველოს დელეგაციასთან და კერძო კომპანია SGS-თან.
“ქართულ მხარესთან კონტრაქტი გუშინ გაფორმდა და კომპანიამ ტვირთბრუნვის მონიტორინგი 2011 წლის ძირითადი შეთანხმების შესაბამისად უნდა განახორციელოს. ეს კონტრაქტი იმპლემენტაციის 2011 წლის შეთახმების კონტრაქტია, მაგრამ იმისათვის, რომ იმპლემენტაცია დაიწყოს, საჭიროა, რუსეთის ფედერაციამ ანალოგიური კონტრაქტი გააფორმოს კერძო კომპანიასთან, რომელიც მრავალი წლის წინ შერჩეული იყო, როგორც დამოუკიდებელი და ამ პროექტის განმახორციელებელი. ველით, რომ რუსეთის მხრიდან ეს ხელმოწერა დროულად განხორციელდება და მხარეები იმპლემენტაციის ბაზაზე გადავლენ”, – განაცხადა ჯანელიძემ.
რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მონიტორინგზე ქართულმა მხარემ შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტი გააფორმა. მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი 2017 წლის 19 დეკემბერს ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით გაიმართა.