ქართულმა მხარემ კომპანია SGS-სთან რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მონიტორინგზე კონტრაქტი გააფორმა
ქართულმა მხარემ კომპანია SGS-სთან რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მონიტორინგზე კონტრაქტი გააფორმა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთ-საქართველოს შორის საბაჟო ადმინისტრირების მონიტორინგზე შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ქართულ მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS  (Société Générale de Surveillance SA)-ს შორის მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი 2017 წლის 19 დეკემბერს ბერნში, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით გაიმართა.

უწყების ცნობით, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები.

„მოლაპარაკების დასასრულს, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა შესაბამის კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“  საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.

2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისათვის, საჭიროა, რომ ასევე რუსეთის მხარემ ხელი მოაწეროს ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან და შესაბამისად, მხარეებმა დაიწყონ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება“ – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.​