მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ჩვენ, ქართული მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ხელისუფლების მიერ ხელახლა ინიცირებულ რუსულ კანონს, – ამის შესახებ აღნიშნულია ერთობლივ განცხცადებაში, რომელიც საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ქართული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ საკუთარი სიტყვის გატეხვა და ხალხის მოტყუება მიმართულია არა მხოლოდ ქართული მედიისა და ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების, არამედ თითოეული მოქალაქისა და საქართველოს ევროპული მომავლის წინააღმდეგ“.

„ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმარებით ხალხს. ამ რუსული კანონის მიღება დაუცველს დატოვებს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებსა და ქალებს; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, მეცნიერებს, მშრომელებსა და ახალგაზრდებს; შეუწყვეტს დახმარებას სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, დევნილ, უსახლკარო და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ მამაც ადამიანებს. ხელისუფლებას სურს, არ გაშუქდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს და ამ კვირაში ინიციირებული მტრული კანონები მიზნად ისახავს მოსახლეობის გახლეჩას, ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას და სიტყვის თავისუფლების გაუქმებას. ეს არის ხელისუფლების პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომლებსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვამხელთ და ვასაჯაროვებთ.

რუსული კანონის ავტორიტარულ ხასიათსა და დემოკრატიასთან შეუსაბამობაზე  განაცხადეს ევროკავშირის, გაერო-ს, ნატო-ს, ეუთო-ს, აშშ-ისა და სხვა საერთაშორისო პარტნიორების წარმომადგენლებმა, შარშან კანონის გაწვევის შემდეგ კი ღიად მიულოცეს ქართველ ხალხს დიდი გამარჯვება.

ეს კანონი სიტყვის თავისუფლების ჩახშობის რუსული ავტორიტარული ინსტრუმენტია. მისი მიღება შეუძლებელს გახდის წლის ბოლოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნას.  ხელისუფლება, ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 9 ნაბიჯის შესრულების ნაცვლად, ამ კანონით გვაშორებს ევროკავშირს და განუზომლად აზიანებს საქართველოს დემოკრატიულ და უსაფრთხო მომავალს.

რუსული კანონის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. ეს კანონი, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, უნდა იყოს გაწვეული პარლამენტიდან. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი!“ – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.