„ქართული მარშის“ წევრები საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანს, გურამ კაშიას ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებენ.
როგორც „ქართული მარშის“ წევრმა კოტე მორგოშიამ განაცხადა, თუ კაშია ბოდიშს მოუხდის ადამიანებს, რომელთა რელიგიური გრძნობებიც შეილახა, „ქართული მარში“ აქცია-პერფორმანსს სტადიონზე, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრები ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება, აღარ გამართავს.
მორგოშიას განცხადებით, ისინი სტადიონზე სხვადახვა სექტორში გადანაწილდებიან და იქიდან გააპროტესტებენ კაშიას მიერ ლგბტ თემის მხარდაჭერას.
მისივე თქმით, აქცია-პერფორმანსის ორგანიზატორები რაიმე სახის გართულებებს გამორიცხავენ.
„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ნაკრებს გაუჩნდა შანსი, დადოს რეალური შედეგი, გვქონდა და გვაქვს კაშიას მიმართ შეთავაზება. თუ ფეხბურთი ყველასია და ვადასტურებ რომ ყველასია, მაშინ ჩვენიც არის – იმ ხალხის, ვისთვისაც გურამ კაშიას ნაბიჯი მიუღებელია. თუ ჩვენი პოზიცია ლგბტ თემისთვის არის ჰომოფობური, ჩვენთვის მათი პოზიციაა შეურაცხმყოფელი და მიუღებელი. კაშიას მივმართეთ და ვთქვით, რომ მას თავის აზრს ვერ შევაცვლევინებთ. ეს მისი არჩევანია, თუმცა, რომ გამოირიცხოს ყველანაირი მითქმა-მოთქმა, რომ მან ეს პოროვოკაციისა და ანგარების მიზნით გააკეთა, შევთავაზეთ, რომ იმ ხალხის ნაწილს, რომელსაც რელიგიური გრძნობები შეულახა, ბოდიში მოუხადოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ აღარ გავმართავთ აქცია-პერფორმანსს სტადიონზე. ჩვენ მარტო არ ვართ. დაახლოებით 26 ჯგუფია, რომელიც დღეს სტადიონზე გეგმავს მოსვლას, გაყიდული ბილეთების 85%“, – განაცხადა კოტე მორგოშიამ.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები დღეს ერთა ლიგის D დივიზიონის მეორე ტურში ლატვიის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა „დინამო არენაზე“ 20:00 საათზე დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ გასულ საფეხბურთო სეზონში, ჰოლანდიის კლუბ „ვიტესში“ თამაშისას, კაშიამ საჯაროდ მხარი დაუჭირა თანასწორობის იდეას და დაგმო აგრესია. კაშიამ, ისევე როგორც ჰოლანდიის ყველა სხვა კლუბის კაპიტანმა, ლგბტ პირთა მხარდასაჭერად მოედანზე სამკლაური გაიკეთა.
ქართველი გულშემატკივრების ნაწილმა გურამ კაშიას მიმართ ნეგატიური კამპანია წამოიწყო. ამასთან, ნეგატიური კომენტარები კეთდებოდა ფეხბურთელის „ფეისბუქზე“, რის გამოც, გურამ კაშიამ სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი გააუქმა. ინტერნეტმომხმარებლების ნაწილმა ასევე სოციალურ ქსელში გურამ კაშიას მხარდამჭერი კამპანია წამოიწყო.