ქართული კარიკატურის ხელშეწყობის მიზნით, კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი „ქართული კარიკატურის ხელშეწყობა“.
უწყების ცნობით, კონკურსისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი შეადგენს 50 000 ლარს და მისი მიზანია სახვითი ხელოვნების ერთ-ერთი ჟანრის – კარიკატურის ტრადიციების აღორძინება და მისი განვითარება საქართველოში; კარიკატურის ჟანრში მომუშავე ხელოვანთა წარმოჩენა-პოპულარიზაცია, მათი ნამუშევრების შექმნისა და გამოფენის გზით.
სამინისტროში აღნიშნავენ, რომ 2021 წელს ამავე კონკურსის ბიუჯეტი შეადგენდა 10 000 ლარს და მის ფარგლებში დაფინანსდა პროექტი „შალვა ქიქოძის სახელობის ქართული კარიკატურის ფესტივალი“.
„ახალი კონკურსის პირობების თანახმად, კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კონკურსანტს კონკურსში შეუძლია მხოლოდ ერთი პროექტის წარმოდგენა.
კონკურსში უპირატესობა შესაძლოა მიენიჭოს პროექტს:
ა) რომლის კონცეფცია გამოირჩევა ორიგინალური ხედვითა და აქტუალურობით;
ბ) რომელიც ითვალისწინებს პარტნიორების ფინანსურ ან სხვა ტიპის თანამონაწილეობას.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 27 აპრილიდან 2022 წლის 6 მაისის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected] ელექტრონული დოკუმენტის სახით. კონსულტაციები შესაძლებელია ტელეფონის ნომერზე 577 502 762 (სამუშაო საათების განმავლობაში).
ინფორმაცია კონკურსში გამარჯვებული პროექტების შესახებ გასაჯაროვდება სამინისტროს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე არაუგვიანეს 2022 წლის 24 მაისისა“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2021 წლის 3 ივნისის ბრძანებით N7864 „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ დამტკიცებული დაფინანსების წესი, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი; ფორმულარები; საკონკურსო პირობები.