ქართული ღვინის ექსპორტი 13 პროცენტით გაიზარდა 
ქართული ღვინის ექსპორტი 13 პროცენტით გაიზარდა 

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში  12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 13 პროცენტით აღემატება. ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 30 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 21 პროცენტით მეტია.

ქართული ღვინის გადაზიდვები გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით. ამასთან,  პოლონეთის ბაზარმა, რომელმაც ექსპორტიორი ქვეყნების სიაში მეხუთედან მესამე ადგილზე გადაინაცვლა.

ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი – 42 პროცენტი (628 022), ჩინეთი – 7 პროცენტი (600 783) და აშშ – 1032 პროცენტი (128 145); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიტვა – 75 პროცენტი (104 616), საფრანგეთი – 24 პროცენტი (17 406), შვედეთი – 313 პროცენტი (9 000), ბულგარეთი – 6 პროცენტი (4 500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით:  რუსეთი – 17 პროცენტი (8 688 854), ბელარუსი – 1389 პროცენტი (80 394), აზერბაიჯანი – 8 პროცენტი (8 814), მონღოლეთი – 189 პროცენტი (66 012) და სხვა.

სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (8 688 854 ბოთლი), უკრაინა (976 482),  პოლონეთი (628 022), ჩინეთი (600 783) და ყაზახეთი (346 152). წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 115-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 4,2 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 89 პროცენტით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მსოფლიოს 10  ქვეყანაში ექსპორტირებულია 85,4 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 188 პროცენტი შეადგინა.

მთლიანობაში – ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 43,6 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელთან შედარებით  13 პროცენტს აღწევს.