ქართული ფეხბურთის პატრიარქი, რომელსაც კომუნისტები ავიწროებდნენ - 29 დეკემბერს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა #1TVSPORT
ქართული ფეხბურთის პატრიარქი, რომელსაც კომუნისტები ავიწროებდნენ - 29 დეკემბერს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა #1TVSPORT

29 დეკემბერი „დინამო თბილისის“ ისტორიაში გამორჩეული დღეა – ზუსტად 118 წლის წინ, 1904 წელს დაიბადა ანდრო ჟორდანია, რომელსაც კლუბისა და ქართული ფეხბურთის წინაშე დიდი დამსახურება აქვს.

მან, კინორეჟისორებთან – ლევან ხოტივარსა და ნიკოლოზ სანიშვილთან ერთად, ჩამოაყალიბა გუნდები ქუთაისში, ლანჩხუთში (კიმ-ი, რომელსაც 1960 წლიდან ეწოდა „გურია“), თბილისის უნივერსიტეტში, 1925 წელს კი თბილისის „დინამოს“ დაფუძნებაში მონაწილეობდა.

პარალელურად, ანდრო ჟორდანია ქართული ფეხბურთის პირველი თაობის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე იყო და „დინამოს“ პირველ კაპიტნად აირჩიეს. 1925-1928 და 1930-1931 წლებში ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობდა. სხვადასხვა წლებში უთამაშია კიევის „დინამოში“, ივანოვოს „ოსნოვაში“, ამიერკავკასიისა და საბჭოთა კავშირის ნაკრებებში.

ჟორდანიამ 1936 წელს მწვრთნელობა დაიწყო და საყვარელ საქმეს 30 წელი ემსახურა. 1945-1947, 1955 და 1959-1961 წლებში თბილისის „დინამოს“ წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით, გუნდი 3-ჯერ (1946, 1947, 1959) გახდა სსრკ-ის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი, 2-ჯერ (1946, 1960) გავიდა თასის ფინალში. ასევე უმუშავია თბილისის „სპარტაკში“, ტყიბულის „მეშახტესა“ და ქუთაისის „ტორპედოში“.

ანდრო ჟორდანიამ ქართული ფეხბურთის მთელი ვარსკვლავური თაობა აღმოაჩინა და დააწინაურა – გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალოევი.

ანდრო ჟორდანია იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას ძმისშვილი, რამაც მისი უმძიმესი და განსაცდელებით სავსე ცხოვრება განაპირობა. მუდამ განიცდიდა დევნასა და შევიწროებას. ბევრჯერ იყო იძულებული, უცხოეთში გადახიზნულიყო. ჟორდანია 1938 წელს დააკავეს. დახვრეტას გადაურჩა, თუმცა მალე ისევ დაიჭირეს.

ჟორდანიას ციხეში მოუსწრო მეორე მსოფლიო ომმა და არაერთი თხოვნის შემდეგ ფრონტზე გაუშვეს. 1941 წლის ბოლოდან, ციხიდან საჯარიმო ბატალიონში გადაყვანილი, მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1942 წელს კურსკთან ხელსა და თავში ნაღმის ნასხლეტები მოხვდა, რამაც კიდური სამუდამოდ დაუზიანა, ხოლო ჰოსპიტალში გადაყვანისას ეშელონი დაიბომბა და ფეხებში დაიჭრა.

უნდობლობის გამო, კომუნისტები ანდრო ჟორდანიას თბილისის „დინამოში“ დიდხანს არ აჩერებდნენ. საფეხბურთო საზოგადოებამ კი ქვეყნის წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის „ქართული ფეხბურთის პატრიარქი“ უწოდა, ხოლო „დინამო თბილისის“ საწვრთნელი ბაზა დღესაც მის სახელს ატარებს.