ქართული ფეხბურთის პატრიარქი - დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა
ქართული ფეხბურთის პატრიარქი - დღეს ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა

29 დეკემბერი ქართულ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ლეგენდარული მოღვაწის დაბადების დღეა – 1904 წლის 29 დეკემბერს, ანდრო ჟორდანია დაიბადა.

ანდრო ჟორდანია 1922 წლიდან თბილისის სხვადასხვა გუნდში გამოდიოდა, 1925 წელს ახალშექმნილი თბილისის „დინამოს“ პირველ კაპიტნად აირჩიეს, სადაც 1925-28 და 1930-31 წლებში თამაშობდა.

კინორეჟისორებთან, ლევან ხოტივართან და ნიკოლოზ სანიშვილთან ერთად ჩამოაყალიბა გუნდები ქუთაისში, ლანჩხუთში, თბილისის უნივერსიტეტში, 1925 წელს კი – თბილისის „დინამოს“ დაფუძნებაში მონაწილეობდა.

ჟორდანიამ მწვრთნელობა 1936 წელს დაიწყო და საყვარელ საქმეს ოცდაათი წელი ემსახურა. 1945-47, 1955 და 1959-61 წლებში თბილისის „დინამოს“ ავარჯიშებდა. უმუშავია თბილისის „სპარტაკში“, ტყიბულის „მეშახტესა“ და ქუთაისის „ტორპედოში“. მისი ხელმძღვანელობით „დინამომ“ სსრკ-ის ჩემპიონატების ბრინჯაოს პრიზიორი 3-ჯერ გახდა (1946, 1947, 1959), თასის ფინალში ორჯერ გავიდა (1946, 1960).

ანდრო ჟორდანიამ ქართული ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი აღმოაჩინა და აღზარდა – გივი ჩოხელი, მიხეილ მესხი, მურთაზ ხურცილავა, სერგო კოტრიკაძე, შოთა იამანიძე, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ ბარქაია, გურამ პეტრიაშვილი, ზაურ კალოევი… „დინამოს“ საწვრთნელი ბაზა ამ ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს.

ანდრო ჟორდანია საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას ძმისშვილი იყო და ამის გამო მუდმივად დევნას და შევიწროებას განიცდიდა. ერთი ხანობა რუსეთში, ქალაქ ივანოვოში ცხოვრობდა. ქართული ფეხბურთის წინაშე უდიდესი დამსახურებისთვის ანდრო ჟორდანიას ქართული ფეხბურთის პატრიარქი უწოდეს.