დღეს თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მწვრთნელის ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა
დღეს თბილისის „დინამოს“ ლეგენდარული მწვრთნელის ანდრო ჟორდანიას დაბადების დღეა

1904 წლის 29 დეკემბერს თბილისის „დინამოს“ და ზოგადად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში გამორჩეული და ლეგენდარული მოღვაწე, ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ანდრო ჟორდანია დაიბადა.

ანდრო დიმიტრის ძე ჟორდანია საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ნოე ჟორდანიას ძმისშვილი გახლდათ. სხვათა შორის, იყო „დინამოს“ კაპიტანი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი.

კარიერის განმავლობაში ითამაშა თბილისის (1925–28), დნეპროპეტროვსკის (1930–31) და ივანოვოს (1932–35) კლუბებში. თამაშობდა „სპარტაკსა“ (1936–37) და „ოსნოვაში“ (1938–40). იყო საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის პრიზიორი. ითამაშა თბილისის, საქართველოს, ამიერკავკასიის, უკრაინის, დნეპროპეტროვსკის და ივანოვოს ნაკრებებში. არაერთი შეხვედრა ჩაუტარებია თავდასხმაში, მაგრამ ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის ფუნქციას ასრულებდა.

სამწვრთნელო კარიერა 1936–1937 წლებში ივანოვოს „სპარტაკში“ დაიწყო. იყო ივანოვოს „ოსნოვაში“ მოთამაშე მწვრთნელი და მის შემადგენლობაში 1940 წელს რუსეთის თასი მოიგო. იყო მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, სადაც დაიმსახურა მრავალი სამხედრო ჯილდო.

თბილისის „დინამო“ რამდენჯერმე ჩაიბარა, მაგრამ დიდხანს მუშაობას არ აცლიდნენ – გუნდს წვრთნიდა 1945, 1946–1947, 1955, 1959–1961 წლებში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი სამჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი. ორჯერ 1946 და 1960 წლებში თასის ფინალში გაიყვანა გუნდი. მის ხელში აღიზარდა ქართული ფეხბურთის არაერთი ვარსკვლავი. წარმატებით მუშაობდა სხვა ქართულ გუნდებშიც – ფშმ-ში, ქუთაისის „ლოკომოტივში“, თბილისის „ლოკომოტივში“, ქუთაისის „ტორპედოში“, ტყიბულის „მეშახტეში“.

ანდრო ჟორდანია ავტორია წიგნისა „ფიქრები ქართულ ფეხბურთზე“, რომელიც სამაგიდო წიგნია ქართველი მწვრთნელების, ფეხბურთელებისა და გულშემატკივრებისთვის.

ქართული ფეხბურთის პატრიარქად მონათლული ჟორდანია 1974 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა.

აღსანიშნავია, რომ „დინამო თბილისის“ საწვრთნელი ბაზა ამ ლეგენდარული პიროვნების სახელს ატარებს. 1975 წლიდან დაწესდა მისი სახელობის თასი. 1974 წლიდან საქართველოს საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ანდრო ჟორდანიას სახელობისაა.