ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი - თავიდან გვერიდებოდა თქმა, რომ სტატუსი გვინდოდა ხელფასისთვის, მერე ეს მარათონში გადავიდა, საბოლოო ჯამში, სქემამ დაყო პედაგოგები და დაკარგა ბავშვი
ჩვენ მინისტრთან შეხვედრებზეც ვამბობდით, რომ პორტფოლიო თამამად იყიდება და არაფერ შუაში არ არის საგაკვეთილო ხარისხთან ის პორტფოლიო, რაც გვაქვს და რასაც გვთავაზობდნენ, – ამის შესახებ დაბა კიკეთის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის ქართული ენისა და ლიტერატურის უფროსმა მასწავლებელმა, ეკატერინე ჩიქოვანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „გადაწყვეტილება“ განაცხადა.
„ჩვენ შეგვიძლია, დეტალურად განვავრცოთ საბაზისო ხელფასის საკითხი, პორტფოლიოს ნაწილი და ა.შ. მაგრამ ამ ყველაფერს რისთვისაც ვაკეთებთ, არის ბავშვი, რომ ჩვენი საგაკვეთილო პროცესი იყოს ხარისხიანი, ძალიან კარგი და იქიდან ყველა კმაყოფილი გამოვიდეთ. მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, თავიდან ყველას გვერიდებოდა იმის თქმა, რომ სტატუსები გვინდოდა ხელფასისთვის. მერე ეს ნაწილი მართლა მარათონში გადავიდა. ორ სკოლაში მუშაობის დროს უკვე საათობრივი ბადე იყო მთლიანი, ე.ი. ჩვენ დანამატს ვიღებდით და გამოვიდა, რომ ორ სკოლაში თუ ვმუშაობ და 15 საათზე მეტი მაქვს, საბაზისო ხელფასი, დაახლოებით, 476 ლარი გამომდის, ასე კი, ფიზიკურად შეუძლებელია. მერე არის მთელი რიგი პრობლემები, მიდის წუწუნი, დირექტორი თუ შემიწყობს ხელს, საათობრივი ბადე თუ მაქვს ასე და ჩემი საგაკვეთილო პროცესი არც თუ ისე ხარისხიანი გამოვიდა“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია საბაზისო ხელფასის მატება, რაზეც ყველა თანხმდება.
როგორც ეკატერინე ჩიქოვანმა აღნიშნა, მასწავლებლების სტატუსის მიხედვით დაყოფა სწორი არ არის.
„ვამბობთ, რომ უფროს მასწავლებელსა და მენტორ მასწავლებელს შორის დაყოფას ვერ გავაკეთებთ, მაგრამ საუბარში, რომ უფროსი მასწავლებელი უფრო კარგ გაკვეთილს ატარებს, ვიდრე მენტორი და ეს ჩვენ პრაქტიკაში გვაქვს, უკვე დავყავით მასწავლებლები. ეს სადირექციო პოლიტიკასაც შეეტყო სკოლაში, თვითონ პედაგოგებსაც და აქაც შეგვეტყო უკვე. სტატუსები გვჭირდება იმისთვის, რომ მასწავლებლის ხარისხი იყოს უკეთესი, მაგრამ უფროსი მასწავლებელი იქნება, მენტორი თუ წამყვანი, მისი გაკვეთილის ხარისხი უნდა იყოს ერთი ან უფრო მეტი, ჩვენ კი უკვე ამ დიალოგშიც შევძელით დაყოფა, იცით რა, ამას მენტორის სტატუსი აქვს, მაგრამ უფროსი მასწავლებელიც კარგ გაკვეთილს ატარებს. ძალაუნებურად მოგვიწია ამ ყველაფრის დაყოფა, რადგან ხელფასმა ძალიან ბევრი რამ განაპირობა. რაზეც არ უნდა ვისაუბროთ და როგორც არ უნდა ვიტრიალოთ, საბოლოო ჯამში, გამოდის ისე, რომ სქემამ დაყო მასწავლებლები და დაკარგა ბავშვი“, – განაცხადა ეკატერინე ჩიქოვანმა.