ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსს შეხვდნენ
ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსს შეხვდნენ.
შესაბამის ფოტოს სოციალურ ქსელში თავად ევროპარლამენტარი ავრცელებს.
„ამ დღეებში მედიასა და სოციალურ ქსელებში ჩვენ ვხედავთ მასობრივი პროტესტის ფოტოებს საქართველოდან. მოქალაქეები აპროტესტებენ „უცხოური აგენტის“, რუსული კანონის ანალოგს. ჩემთვის ქართველი ხალხი და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ყოველთვის იყვნენ აქტივიზმის მაგალითები ევროკავშირში ინტეგრაციის მისწრაფების დასაცავად. ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა დელეგაციის ვიზიტმა, რომელიც შედგება სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციისგან, მათ შეაფასეს საქართველოს მთავრობის მუშაობა ბრიუსელში გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად ევროკავშირის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესრულებაში.
მე მოვისმინე მათი შეშფოთება და სურვილი, რომ ევროპულმა პარლამენტმა მკაცრი და კონკრეტული მესიჯი გაუგზავნოს მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“. უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის ან ლიეტუვის მხარდაჭერის მქონე ორგანიზაციებიც კი „უცხოური გავლენის აგენტებად“ ჩაითვლება, ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებას. ვეცდები, ეს მკაფიო მესიჯი გავუგზავნო ოფიციალურ თბილისს მომავალ კვირას სტრასბურგში გამართულ სესიაზე“, – წერს აუსტრევიჩუსი.
როგორც გავრცელებული ფოტოდან ხდება ცნობილი, პეტრას აუსტრევიჩუსთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ფონდ „ღია საზოგადოების“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი, „სასამართლოს გუშაგის“ ხელმძღვანელი ნაზი ჯანეზაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ თანასწორობის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე, „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ დირექტორი თამარ ხიდაშელი.
ცნობისთვის, ევროპარლამენტარი პეტრას აუსტრევიჩუსი სოციალურ ქსელში დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „„ვარდების რევოლუციის“ სულისკვეთებას შეუძლია, გადაარჩინოს საქართველოს ევროპული მომავალი“.