„ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე კონსულტაციები დაწყებულია
„ქართულ ოცნებაში“ მეათე მოწვევის პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეების კანდიდატურებზე კონსულტაციები დაწყებულია.
„ქართული ოცნების“ რიგებიდან ვინ რომელ კომიტეტს ჩაიბარებს, ამ საკითხზე ინფორმაცია საჯაროდ არ გახმოვანებულა, თუმცა საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, კონსულტაციების შედეგად, რამდენიმე სავარაუდო კანდიდატი უკვე გამოიკვეთა.
კერძოდ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე სოზარ სუბარის კანდიდატურა მოიაზრება; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე – მაია ბითაძის; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე – მაკა ბოჭორიშვილის; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი კი შესაძლოა, დავით სერგეენკომ დაიკავოს.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი ჩიქოვანისა და ირაკლი ბერაიას კანდიდატურები განიხილება,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის შემთხვევაში არჩევანი შეიძლება გაკეთდეს მიხეილ სარჯველაძესა და შალვა პაპუაშვილს შორის.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პოსტზე განიხილება როგორც ირაკლი კოვზანაძის, ასევე პაატა კვიჟინაძის კანდიდატურები, ხოლო საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკოლოზ სამხარაძისა და გიორგი ხელაშვილის კანდიდატურებზე მსჯელობენ.