ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის პაციენტს, რომელიც კლინიკაში გულის ქრონიკული უკმარისობით მოათავსეს, მოგვიანებით კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო ჰოსპიტალი დროებით დაიხურა. როგორც ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკა სანიკიძემ განაცხადა, ვინაიდან პაციენტს არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდათ შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კორონავორუსი, ჩატარდა სწრაფი ტესტი, რომლის პასუხი იყო ნეგატიური.
სანიკიძის თქმით, პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში. მოგვიანებით კი მას „პისიარ“ ტესტი ჩაუტარეს და დადებითი პასუხი მიიღეს.
როგორც ექიმი ამბობს, პაციენტი გამოიკვლიეს არა იმიტომ, რომ „კოვიდ 19“-ის რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა, არამედ იმის გამო, რომ მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდგინდა.
„ჩვენთან შემოვიდა პაციენტი, 72 წლის ქალბატონი, 6 აპრილს, გულის ქრონიკული უკმარისობით, ფილტვებში შეგუბებით, მუცლის ღრუში შესაბამისად სითხით, ჰიდროთორაქსით, ტკივილით და ა.შ. სუნთქვის უკმარისობით, რაც ახასიათებს გულის ქრონიკულ უკმარისობას და მის გამწვავებას. ჩატარდა შესაბამისად პროტოკოლის მიხედვით კარდიალურად, რა თქმა უნდა, ყველაფერი. არ ჰქონდა ცხელება და ჰქონდა მკაფიოდ გამოხატული თავის ძირითადი დაავადება, ეს არის ასევე შაქრიანი დიაბეტი, გარდა კარდიალურისა. სამწუხაროდ, დიაბეტის გამო აქვს სიბრმავე. ბუნებრივია ქალბატონი იყო სარეანიმაციო. გაიარა ტრიაჟი. ვინაიდან არ ჰქონდა არანაირი კონტაქტი კოვიდინფიცირებულთან, დაავადების კონტროლის ცენტრიდანაც არ ჰქონდა არანაირი შეტყობინება, რომ ვინმეს მის გარშემო ჰქონდა კოვიდინფექცია, სწრაფი ტესტით იყო ნეგატიური. ამიტომ მოთავსდა რეანიმაციაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იმ ტრიაჟის დარბაზიდან გადავიდოდა ინფექციურში. ბუნებრივია, მოთავსდა ძირითადი დაავადებით და წავიდა კარდიალური და თანმხლები პათოლოგიების მკურნალობა.
ის გამოკვლეულ იქნა არა იმიტომ, რომ რაიმე სიმპტომი გამოუვლინდა „კოვიდ 19“-ის შემდგომში დამატებით, დღეს ან გუშინ, არამედ იმიტომ, რომ მის მეუღლეს დაუდგინდა „კოვიდ 19“ და ეს როგორც კონტაქტი, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა პროტოკოლის მიხედვით გამოიკვლია. კონტაქტი რომ მოიძია, სახლში არ დახვდათ, დახვდათ კლინიკაში გადაყვანილი. ვინაიდან ის დაავადების ცენტრმა გამოიკვლია, როგორც კონტაქტი, გამოიკვლია არა სწრაფი ტესტით, არამედ გამოიკვლია „პისიარ“ მეთოდით ანუ ძირითადი, ოქროს სტანდარტით. მინდა გითხრათ, რომ ტესტის სპეციფიურობა და სენსისტიურობა, ანუ მგრძნობელობა და ფასეულობა არ არის 100%-იანი სწრაფი ტესტით. შესაბამისად, არის შემთხვევები, როდესაც სწრაფი ტესტით ნეგატიურია, მაგრამ „პისიარით“, ანუ ოქროს სტანდარტით არის დადებითი. სწორედ ეს მოხდა. ჩვენ სწრაფი ტესტით გვქონდა ნეგატიური. დღეს მოვიდა ლუგარიდან პასუხი დადებითი
ქალის მეუღლეს ორივე ქვემო კიდური აქვს ამპუტირებული, ის იყო სახლში, არ ვიცი ვინ შეუტანა და დააინფიცირა ეს ადამიანი. დაავადებათა კონტროლის ცენტრისგან ველოდებით პასუხს, ვისგან შეიძლება იყოს ინფიცირებული“,- განაცხადა სანიკიძემ.
მისივე თქმით, კლინიკის ადმინისტრაციის მხრიდან მოხდა სიების შედგენა, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა ამ პაციენტს. ეკა სანიკიძის ინფორმაციით, ასეთი სია მცირეა, რადგან კლინიკას რეანიმაციის მიმღები პერსონალი სხვა პერსონალისგან ერთმანეთისგან გამოყოფილი ჰყავს.
ამ დროისთვის კლინიკა დახურულია. სანიკიძის თქმით, როგორც კი დაავადებათა კონტროლის ცენტრი ეტყვით, რომ შეუძლიათ კლინიკა გახსნან, ჰოსპიტალი გაიხსნება.
„ჩვენი კლინიკის ადმინისტრაციამ გააკეთა ის, რაც გათვალისწინებულია. სასწრაფოდ მოხდა სიების შედგენა, ვისთანაც კონტაქტი ჰქონდა ამ პაციენტს და ასეთი სია მცირეა, რადგან ჩვენ თავიდანვე გავყავით რეანიმაციის მიმღების პერსონალი და სხვა პერსონალი ერთმანეთისგან, ცალ-ცალკე შესასვლელებები და ა.შ. ზონები გამოვყავით. ინფექციის კონტროლის სამივე დონე – პერსონალური, საინჟინრო და სამენეჯერო დაცულია კლინიკაში და ამიტომ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ ამ ადამიანმა ჩვენს ბევრ მუშაკს შეიძლება გადასდოს კორონავირუსი.
ველოდებით დაავადებათა კონტროლის ცენტრის მითითებებს, რომელიც პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარებს ყველა ჩვენიმ პერსონალს და პაციენტებს გამოკვლევას, რომელთაც კოვიდინფიცირებულთან შეიძლებოდა ჰქონოდათ კავშირი. რა თქმა უნდა, ის პერსონალი, რომელიც დღეს მოვიდა სამსახურში და რის შემდეგაც დადებითი პასუხი მივიღეთ პაციენტის ინფიცირებაზე, არის ადგილზე. მათი გაშვება სახლში,ვიდრე კვლევა არ დამთავრდება, არ მოხდება. პერსონალი, რომელიც გუშინ იყო მორიგე და წასულია, ინფორმირებულია, რომ უნდა იყოს აღებული სასწრაფოდ მათზე ტესტი. ყველას დადგენა მიმდინარეობს.
თუმცა იმის გამო, რომ რეანიმაციაში მომუშავეებს შესაბამისი ეკიპირება ჰქონდა და აქვს, რეგისტრატორებიც დაცულები არიან, რაიმე პანიკა არ გვაქვს. რესპირატორები, ნიღბები, ქუდი, შეკრული ქირურგიული ხალათები, ხელთათმანები, ბახილები ჩვეულებრივად აცვიათ, მაგრამ არა ის კომბინიზონები და ეკიპირება, რომელიც „კოვიდ 19“-თან მომუშავეს აქვს და არც არის ეს საჭირო. არც ჯანმო და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრი ჩვეულებრივ ექიმს, რომელიც ჩვეულებრივ კლინიკაში მუშაობს, ეკიპირებას არ სთხოვს. როგორც კი გვეტყვის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, რომ შეგიძლიათ გაიხსნათ, გავიხსნებით. ახლა კი ჩვენ საჭიროდ ვთვლით, რომ აუცილებლად უნდა დავიხუროთ“,- განაცხადა ქართულ-ჰოლანდიური ჰოსპიტლის სტრატეგიულმა ხელმძღვანელმა, ეკა სანიკიძემ.