ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეულის ფარგლებში წიგნის ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა
ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეულის ფარგლებში წიგნის ეროვნულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე სერვანტესის ინსტიტუტის კულტურული პროგრამების დირექტორს, მარტინ ლოპეს-ვეგას, სერვანტესის ინსტიტუტის ბულგარეთის ოფისის დირექტორს, ხავიერ ვალდივესოსა და საქართველოში ესპანეთის წარმომადგენელს, ფრანცისკო კაპოტეს შეხვდნენ. ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

წიგნის ცენტრის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა სტუმრებს მათ მიერ გამოთქმული თანამშრომლობის სურვილისა და ქართული ლიტერატურის მიმართ გამოხატული ინტერესის გამო. შეხვედრაზე საუბარი შეეხო თბილისში დაგეგმილ ქართულ-ესპანურ ლიტერატურულ კვირეულს, ქართული და ესპანური ლიტერატურის პოპულარიზაციის კუთხით თანამშრომლობის, ქართულ და ესპანურ ენებზე თარგმანების გამდიდრებისა და თბილისში სერვანტესის ინსტიტუტის ოფისის გახსნის საკითხებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისში 16 აპრილიდან, ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეული იხსნება. ამ მიზნით თბილისს თანამედროვე ესპანელი მწერლები ელენა მედელი (Elena Medel), პატრიცია ესტებან ერლესი (Patricia Esteban Erlés), არკაითს კანო (Harkaitz Cano), ნიკოლას მელინი (Nicolás Melini), ესტუმრნენ.

ღონისძიებებს 16 აპრილს მწერალთა სახლი, 17 აპრილს წიგნის მაღაზია „ლიგამუსი“ და 18 აპრილს „სტამბის წიგნები“ უმასპინძლებს. კვირეულის ფარგლებში, ესპანელი მწერლები მკითხველთან საჯარო შეხვედრებსა და დისკუსიებს ქართველ კოლეგებთან პაატა შამუგიასთან, თეონა დოლენჯაშვილთან და ანა კორძაია-სამადაშვილთან ერთად გამართავენ. ღონისძიებებს მოდერაციას თანამედროვე მწერლები და კრიტიკოსები შოთა იათაშვილი და ლევან ბერძენიშვილი ასევე, ლიტერატურათმცოდნე ლევან ცაგარელი გაუწევენ.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართულ-ესპანური ლიტერატურული კვირეულის მიზანია, ქართული ლიტერატურისა და ავტორების ცნობადობის გაზრდა და ესპანურ ლიტერატურულ სივრცეში პოპულარიზაცია. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ესპანურენოვანი ლიტერატურული ღონისძიებები სექტემბერშიც გაგრძელდება, როცა თბილისს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით, თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი და აღიარებული პერუელი ავტორი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ესეისტი მარიო ვარგას ლიოსა ეწვევა.