ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში ჯემალ აჯიაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო გაიმართა
ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში ჯემალ აჯიაშვილის 75 წლის იუბილესთან დაკავშირებული საღამო გაიმართა

ქართველი პოეტის, მწერლისა და მთარგმნელის, ჯემალ აჯიაშვილის 75 წლის იუბილე აღნიშნეს ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა მუზეუმში. საღამოზე ჯემალ აჯიაშვილის მეგობრებმა და კოლეგებმა მწერლის განვლილი გზა და ლიტერატურული მემკვიდრეობა გაიხსენეს.

პოეტის შემოქმედებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს სენაკის რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა. წარმოადგინეს ჯემალ აჯიაშვილის აუდიოჩანაწერებიც.

საღამოს ორგანიზატორებმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორისა და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წერილები წაიკითხეს.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი წერილში აღნიშნავს, რომ ჯემალ აჯიაშვილი დიდი მწერალი იყო.

„ის იყო ქართული გენის უბადლო მცოდნე, ქართული სიტყვის სიღრმისა და ნაირფეროვნების თავის თავში შემომკრები და საუკეთესო სიტყვათშემოქმედი, რაც ყველაზე ნათლად ძველებრაული პოეზიისა და ფსალმუნის მისეულ ქართულ თარგმანში გაცხადდა. უნიჭიერესი და ჩუმი, თავმდაბალი და სიკეთით სავსე,- ასეთი დარჩება იგი ჩვენს მეხსიერებაში. ღმერთმა ნათელი მოჰფინოს მის უკვდავ სულს“, – წერს ილია მეორე.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, ჯემალ აჯიაშვილმა ცხოვრება ორი ერის დაახლოებას მიუძღვნა.

„არიან ადამიანები, რომელთა ცხოვრება და მოღვაწეობა წარუშლელ კვალს ტოვებს ერის კულტურაში. ჯემალ აჯიაშვილს განგებამ არგუნა და ასეთი კვალი ორი ერის – ქართველი და ებრაელი ერების ცხოვრებაში დატოვა. მან მთელი თავისი შემოქმედება ორი უძველესი კულტურის დაახლოებას მიუძღვნა.

ჯემალ აჯიაშვილი იყო გამორჩეული ზნეობის ადამიანი. მის დიდ მწერლურ ნიჭს ზურგს უმაგრებდა თავმდაბლობა, შრომისმოყვარეობა და პატიოსნება. სწორედ ასეთი ხალხი ქმნის ერის სულიერ სიმდიდრეს.
ჯემალმა ებრაული კლასიკური პოეზიის მისეული თარგმანებით დიდად გაამდიდრა ქართულ პოეზია. შეიძლება ითქვას, ამ თარგმანებში მან ახალი პოეტური ენა შექმნა, სადაც დახვეწილი, მუსიკალური ჟღერადობა გადმოსცემს ხატოვანების საოცარ სიმდიდრეს.

ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართულ–ებრაული ურთიერთობის საქმეში. სწორედ ასეთ ადამიანებზე გადის ჩვენი ერების მეგობრობის ისტორიაც, რომელსაც მჯერა, მარტო ლამაზი წარსული კი არ ერქმევა, არამედ სწორედ ის გახდება ჩვენი მომავალი, მჭიდრო ურთიერთობის საფუძველი.

ებრაელი ხალხის მიმართ ჩემი განსაკუთებული სიყვარული და პატივისცემა, ალბათ, სწორედ ამ ურთიერთობის ღრმა ფესვებიდან და დიდი ტრადიციიდან მოდის, რომელიც ასეა გადაჯაჭვული ერთმანეთთან“, – წერს ბიძინა ივანიშვილი.

ჯემალ აჯიაშვილი სონეტების ავტორი, კლასიკური ებრაული პოეზიისა და ბიბლიური ფსალმუნების მთარგმნელია. მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და პრემია.