ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტებშიც.
ხობში დაზიანებულია კერძო საცხოვრებელი სახლების, მრავალსართულიანი კორპუსებისა და სამი საბავშვო ბაღის სახურავები. ასევე, დაზიანდა სოფელ ქარიატას საფეხმავლო ხიდი.
როგორც ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა აცხადებს, შესაბამისი სამსახურები ადგილზე იმყოფებიან და ყველაფერი კეთდება, რომ ზარალის მასშტაბები არ გაიზარდოს. პარალელურ რეჟიმში კი, ზარალის დათვლა მიმდინარეობს.
ამასთან, სენაკის მუნიციპალიტეტში განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ურიდიას ქუჩაზე მდებარე დევნილთა კორპუსშია. დაზიანებულია სახურავი და ელექტროგადამცემი ბოძები. როგორც სენაკის მუნიციპალიტეტის მერი ლევან კუპრეიშვილი აცხადებს, აღდგენამდე იმ შენობების დროებით გადახურვა მიმდინარეობს, რომლის სახურავიც დაზიანებულია.
ორი დღეა, დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია, რამაც პრობლემები შექმნა, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიაში. ადგილებზე სპეციალური შტაბებია შექმნილი.