ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირებზე ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება იგეგმება
ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება იგეგმება. შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ელექტრონული ზედამხედველობის განხორციელება დასაშვები იქნება მხოლოდ გათვალისწინებული დროებითი ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით, თუ მოძალადის მხრიდან არსებობს ძალადობის განმეორების რისკი. ამასთან, პროექტით კონკრეტდება, რომ ელექტრონული ზედამხედველობა შეიძლება, დაწესდეს შემაკავებელი ორდერის გამოცემისას, ასევე ნებისმიერ დროს, შემაკავებელი ორდერის მოქმედების პერიოდში. ელექტრონული ზედამხედველობა კი განხორციელდება შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადით, რომელიც არ აღემატება ერთ თვეს.
ცვლილებების გათვალისწინებით, ოქმით გათვალისწინებული მოძალადისთვის აკრძალული ადგილების გარდა, ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე მოძალადისა და მსხვერპლის შემთხვევითი მიახლოებისას, „112“-ის მოსამსახურე უფლებამოსილია, დაუკავშირდეს მსხვერპლს/მოძალადეს და მოსთხოვოს ტერიტორიის დატოვება მათი შემთხვევითი შეხვედრის თავიდან აცილების მიზნით. კანონპროექტით განისაზღვრება, რომ ელექტრონული ზედამხედველობისთვის განზრახ თავის არიდება გამოიწვევს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით დამცავი ორდერის ვადა იზრდება და ექვსი თვის ნაცვლად, დამცავი ორდერის გამოცემა დასაშვები ცხრა თვემდე იქნება.