ფრენბურთში ქალთა შორის საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2021/2022 გათამაშება დასკვნით ფაზაში გადადის. ლიგაში მონაწილეობს ექვსი გუნდი: „ბათუმი“, „ჯიკო“, „ბოლნისი“, „ქუთაისი“, „ევროპის უნივერსიტეტი“ და გასული წლის გამარჯვებული „თბილისი“.
აღსანიშნავია, რომ გასული სეზონისგან განსხვავებით, დაძაბულობა საგრძნობლად გაიზარდა და ჩემპიონ „თბილისს“ რეალური კონკურენტი გამოუჩნდა „ჯიკოს“ სახით. სამი თამაშიდან ორში (მათ შორის, ამ გუნდების ბოლო შეხვედრაში, რომელიც 8 აპრილს გაიმართა) იმარჯვა პრეტენდენტმა „ჯიკომ“.
შედეგად, რეგულარული სეზონის 3 ტურის შემდეგ, რომლის დროსაც გუნდებმა წრიული სისტემით 15-15 თამაში ჩაატარეს, 40-40 ქულით პირველი და მეორე ადგილები გაინაწილეს „ჯიკომ“ და „თბილისმა“, მესამე პოზიციაზე გავიდა „ბათუმი“ 22 ქულით, ხოლო მეოთხე ადგილი „ევროპის უნივერსიტეტმა“ დაიკავა და საჩემპიონო ოთხეულში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ნახევარფინალურ პლეი ოფში გუნდები ასე დაწყვილდნენ: „ჯიკო“-„ევროპის უნივერსიტეტი“ და „თბილისი“-„ბათუმი“. შეხვედრები, ფინალური მატჩის ჩათვლით, მაისში გაიმართება.