ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ და სახალხო დამცველის ანგარიშს აპროტესტებენ და ბოდიშის მოხდას მოითხოვენ
ქალი პატიმრები „ადამიანის უფლებათა ცენტრის” და სახალხო დამცველის მიერ გუშინ გამოქვეყნებულ ანგარიშს აპროტესტებენ, რომლის თანახმად, შემოწმების მიზნით, ქალთა დაწესებულებაში პატიმრების გაშიშვლების მეთოდი ისევ გამოიყენება.
როგორც პირველ არხს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში განუცხადეს, პატიმრებმა საპროტესტო წერილი შეადგინეს, რომელსაც 150-მდე ქალი პატიმარი აწერს ხელს. ისინი გამოქვეყნებულ ინფორმაციას შეურაცხმყოფელად აფასებენ და ანგარიშის ავტორებისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ.
პროტესტის ნიშნად, ამ დროისთვის, 40 ქალი მსჯავრდებული შიმშილობს. იმ შემთხვევაში კი, თუ ორგანიზაციები ბოდიშს არ მოიხდიან, შიმშილობის დაწყებას სხვებიც გეგმავენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ და პატიმრებს უკვე შეხვდნენ.
„ადამიანის უფლებათა ცენტრისა“ და სახალხო დამცველის ანგარიში გუშინ გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში შემოწმების მიზნით პატიმართა გაშიშვლების პრაქტიკა კვლავ გამოიყენება. ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ გუშინვე გაავრცელა განცხადება, რომ უწყება არ იზიარებს ანგარიშში – „ქალი და არასრულწლოვანი პატიმრების მდგომარეობა საქართველოში“ მითითებულ დასკვნებს და აცხადებს, რომ პატიმართა შემოწმების მოქმედი პროცედურა ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია.