2016-2017 წლის სტატისტიკის მიხედვით, გაერომ ქალებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნად მექსიკა დაასახელა, რის მთავარ ფაქტორად ქალებზე განხორციელებული ძალადობისა და ფემიციდის გახშირებული შემთხვევები იქნა განხილული.
მექსიკასთან ერთად კვლევაში მოხვდა ჰონდურასი, მცირე სხვაობით კი გვატემალა და ელ სალვადორი ჩამორჩება. ეს ის ქვეყნებია, სადაც ქალები ქმრებისა თუ პარტნიორებისგან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას პერმანენტულად განიცდიან.
გაეროს ანგარიშში წერია, რომ ლათინურ ამერიკაში ფესვგადგმული პატრიარქალური კულტურა ქალთა მიმართ ძალადობას ხელს უწყობს. მიუხედავად იმისა, რომ ლათინური ამერიკის 24 ქვეყანაში ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ შესაბამისი კანონები არსებობს, ვითარება ყოველწლიურად უარესდება.
გაეროს რეკომენდაციების თანახმად, ლათინური ამერიკის ქვეყნებში ქალთა და ბავშვთა უფლებებზე ორიენტირებული ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები და ინსტიტუტები უნდა შეიქმნას, არსებული კი გაძლიერდეს.
მექსიკაში ფემიციდის მაჩვენებელი მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. ბოლო კვლევებით, ქვეყანაში ყოველდღე შვიდ ქალს ქმარი ან მეგობარი მამაკაცი კლავს, ხოლო ქალების 63% ფსიქოლოგიური, ფიზიკური ან სექსუალური ძალადობის მსხვერპლია.
ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს შორის, ადამიანის უფლებების კუთხით მოწინავე ქვეყნები დღეს არგენტინა და ჩილეა.