ქალაქის დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა იგივეა, რაც დღეში ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა - ახალი კვლევა
გსურთ იცოდეთ, რამდენად მძიმედ არის დაბინძურებული ჰაერი, რომელსაც ვსუნთქავთ? ახალი კვლევის მიხედვით, ის შეიძლება ისეთივე საზიანო იყოს თქვენი ფილტვებისთვის, როგორც ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა. ახალი მონაცემების საფუძველზე შეიძლება აიხსნას, რატომ იჩენს თავს სულ უფრო ხშირად არამწეველებში ფილტვების ის დაავადებები, რომლებიც როგორც წესი, მოწევასთან არის დაკავშირებული.
ახალი კვლევა ფოკუსირებული იყო ემფიზემაზე — დაავადებაზე, რომელიც ფილტვებში ჰაერის პარკუჭებს ანადგურებს; მას შეუძლია გამოიწვიოს ხიხინი, ხველება და სუნთქვის უკმარისობა, გაზარდოს სიკვდილის რისკი.
მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ქალაქის ჰაერში დამაბინძურებლების, განსაკუთრებით კი ოზონის მაღალი დონე ემფიზემის ისეთივე სწრაფად განვითარებას იწვევს, როგორც ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევა.
ვაშინგტონის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგის, ჯოელ კაუფმენის განცხადებით, ქალაქებში ფილტვების ქრონიკული დაავადებების მაჩვენებელი არამწეველებშიც სწრაფად იზრდება და როგორც ჩანს, ამაში მთავარი დამნაშავე ჰაერის დაბინძურებაა.
კვლევა საკმაოდ ვრცელი იყო და მოიცავდა აშშ-ის ექვს მეტროპოლიურ რეგიონში 2000-2018 წლებში მცხოვრებ 7017 ადამიანს. მონაცემები აიღეს ათეროსკლეროზის მრავალეთნიკური კვლევის ჰაერისა და ფილტვების ანალიზებიდან.
კვლევის შედეგად გაირკვა, რომ თუ ჰაერში ოზონის დონე სხვა ზონებთან შედარებით მილიარდში 3 წილზე მეტია (ppb), ემფიზემის განვითარების რისკი იგივეა, რაც 29 წლის განმავლობაში ყოველდღიურად ერთი კოლოფი სიგარეტის მოწევისას. შესწავლილ ექვს რეგიონში ოზონის დონე საშუალოდ 10-25 ppb იყო.
კაუფმენის განცხადებით, ისინი გაოცებული დარჩნენ, როცა ფილტვების სკანირებისას გაარკვიეს თუ რა ძლიერ მოქმედებს ჰაერის დაბინძურება ემფიზემის განვითარებაზე; ეფექტი იგივე აღმოჩნდა, რაც მისი ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი — სიგარეტის მოწევა.
მიწისპირა ოზონის დონე კი სულ უფრო იზრდება; იგი წარმოიქმნება მაშინ, როცა წიაღისეულ საწვავში შემავალი დამაბინძურებლები ულტრაიისფერ სინათლესთან ურთიერთქმედებს. მართალია, ოზონი ულტრაიისფრი გამოსხივებისგან დამცავი ბარიერია ატმოსფეროს ზედა ფენებში, მაგრამ მიწისპირზე მისი არსებობა და ჩასუნთქვა არც თუ ისე სასურველია.
თავის მხრივ, ახალი არაფერია ჰაერის დაბინძურებასა და ჯანმრთელობის პრობლემებს შორის კავშირში. რა თქმა უნდა, ცუდი ჰაერი ჩვენთვის უდავოდ მავნებელია, მაგრამ ამ კონკრეტულმა კვლევამ გაარკვია, რა ზიანს ვაყენებთ ჩვენს ორგანიზმს ქალაქის ჰაერის სუნთქვით.
მკვლევართა განცხადებით, ეს გახლავთ პირველი გრძივი კვლევა, რომელმაც მიმოიხილა ჰაერის დაბინძურების გრძელვადიანი ეფექტი ემფიზემის პროცენტულობაზე, რისთვისაც გამოიყენეს ვრცელი, ადამიანთა მრავალეთნიკური ჯგუფის მონაცემები. მონაცემები მოიცავდა ჰაერის დაბინძურების ჩანაწერებს მონაწილეთა სახლებში და 15 000-ზე მეტ კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
საგანგაშოა გაერო-ს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, მსოფლიოში ბავშვების უმეტესობა სახიფათო დონემდე დაბინძურებულ ჰაერს სუნთქავს, რაც სულ უფრო ზრდის ჯანმრთელობის პრობლემებს.
მკვლევართა განცხადებით, კლიმატის ცვლილების გამო ტემპერატურის ზრდასთან ერთად, იმატებს მიწისპირა ოზონის დონე. სასწრაფოდ არის საჭირო შემხვედრი ნაბიჯების გადადგმა.
კვლევა ჟურნალ JAMA-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია washington.edu-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.