ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში თბილისიდან 13-15 წლის მოზარდები მიიღებენ მონაწილეობას
ქალაქ ნანტში მოქმედ საზაფხულო ბანაკში – „შეხვედრა რაგბის ირგვლივ“ 2023 წლის 11 აგვისტოდან 21 აგვისტომდე თბილისიდან, ნანტიდან, ზაარბრიუკენიდან და კარდიფიდან 13-15 წლის 60-მდე მოზარდი მიიღებს მონაწილეობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, პროექტის მიზანი სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის ხელშეწყობაა.
„ბანაკი იფუნქციონირებს პორტ ბარბის ღია სივრცეში, რომელიც 10 ჰექტარს მოიცავს. ახალგაზრდები კარვებში იცხოვრებენ. პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელი მოზარდების დამეგობრებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და დაძმობილებულ ქალაქებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას”, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თბილისიდან ბანაკში 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი გაემგზავრება.
„ბანაკში გასამგზავრებლად უკვე ემზადება მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ შერჩეული 15 მოზარდი და სამი ახალგაზრდული მუშაკი. ბანაკში მონაწილეობისთვის შერჩეულ თბილისელ მოზარდებს შორის არიან სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებიც“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისის მერია 15-ვე მოზარდისა და სამი თანმხლები ახალგაზრდული მუშაკის მგზავრობისა და სამოგზაურო დაზღვევის ხარჯებს აფინანსებს.