ქალაქ ჯენინიდან ისრაელის ჯარების გამოსვლის დროს ქვეყნის არმიის ჯარისკაცი მოკლეს
ქალაქ ჯენინიდან ისრაელის ჯარების გამოსვლის დროს ქვეყნის არმიის ჯარისკაცი მოკლეს

მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჯენინიდან ისრაელის ჯარების გამოსვლის დროს ქვეყნის არმიის ჯარისკაცი მოკლეს.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, მოკლული სამხედრო ელიტარული „ეგოზის“ კომანდოს ქვედანაყოფის წევრი იყო.

ისრაელის სამხედრო დანაყოფებმა ქალაქ ჯენინიდან გამოსვლის პროცესი დაასრულეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯარები მაღალ საბრძოლო მზადყოფნაში დარჩებიან.

ისრაელის სამხედრო ოპერაციის დასრულების შემდეგ ჯენინის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქალაქში შენობები და გზები განადგურებულია. ჯარების გასვლისას ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედრო ავიაციამ ჯენინის გარეუბანში მყოფი პალესტინელი მებრძოლები დაბომბა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ისრაელმა დიდი სამხედრო ოპერაცია ჯენინში 3 ივლისს დაიწყო, რომლის მიზნად დაასახელა ქალაქში არსებული ტერორის კერის განადგურება. ოპერაცია ფოკუსირებული იყო პალესტინის ისლამური ჯიჰადის ტერორისტული ჯგუფის ადგილობრივ ფრთაზე, რომელიც ცნობილია ჯენინის ბატალიონის სახელით. ისრაელის სამხედრო ოპერაციის ფარგლებში ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში 13 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი დაშავდა. სამხედრო ოპერაციაში ისრაელის არმიის 1 000 ჯარისკაცი იყო ჩართული.