ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შემდეგ, საფრანგეთმა ავღანეთიდან ელჩის ევაკუაცია განახორციელა
ქაბულის აეროპორტთან აფეთქების შემდეგ, საფრანგეთმა ავღანეთიდან ელჩის ევაკუაცია განახორციელა. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააკეთა.
მისი თქმით, დიპლომატი დავიდ მარტინო რამდენიმე დღე პარიზიდან იმუშავებს.
„უსაფრთხოების პირობების გათვალისიწინებით, ფრანგი ელჩი ჯერ არ რჩება ავღანეთში. ის ელჩად რჩება, თუმცა პარიზიდან იმუშავებს“,- განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქაბულის აეროპორტთან აფეთქებების მიუხედავად, საფრანგეთი სხვა მოკავშირეებთან ერთად გააგრძელებს ევაკუაციის ოპერაციას.
ამ ეტაპზე საფრანგეთმა ავღანეთიდან 115 მოქალაქე და 2000 ავღანელი გაიყვანა. მანამდე საფრანგეთის მთავრობა აცხადებდა, რომ უკანასკნელი ფრანგული თვითმფრინავი ქაბულს 27 აგვისტოს დატოვებს.