პუტინის მომხრე ყოფილმა უკრაინელმა მოჭადრაკემ, სერგეი კარიაკინმა უკრაინელებს მომართა - რუსეთთან გამარჯვების შანსი არ გაქვთ #1TVSPORT
პუტინის მომხრე ყოფილმა უკრაინელმა მოჭადრაკემ, სერგეი კარიაკინმა უკრაინელებს მომართა - რუსეთთან გამარჯვების შანსი არ გაქვთ #1TVSPORT

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის (FIDE) მიერ დისკვალიფიცირებულმა მოჭადრაკემ, სერგეი კარიაკინმა მიმართვა გაავრცელა „ადეკვატური უკრაინელების“ მისამართით.

„მიმართვა ადეკვატურ უკრაინელებს. მჯერა,, რომ ასეთები უმრავლესობაა!

გესმით თუ არა, რომ საომარი მოქმედებების მხრივ, უკრაინას შანსი არ აქვს და უაზრო ომის გაჭიანურებით, თქვენ ახალი მსხვერპლის პროვოცირებას ახდენთ?

ვიმეორებ, რუსეთის დამარცხების შანსი არ გაქვთ. ნატო-მ გადაგაგდოთ, ევროპული ქვეყნები კი თითქოს გეხმარებიან, მაგრამ ფაქტია, რომ არაფერზე გავლენა არ შეუძლიათ.

თავს ნუ მოიტყუებთ იმით, რომ რუსეთი სწრაფად ვერ მიიწევს წინ. რუსეთი იცოდებს უბრლო მოქალაქეებს და სპეციალურად არასოდეს ესვრის მშვიდობიან მოსახლეობასა და მათ სახლებს. მხოლოდ ამიტომ არ დაცემულა ჯერ კიევის რეჟიმი. თუმცა, ეს მხოლოდ დროის საკითხია.

და, რაც მთავარია. ბოლომდე შეეცდებიან თქვენს დაჯერებას, რომ ომში იმარჯვებთ. ერთ ფეიკს მეორე მოსდევს და ასე დაუსრულებლად. უკრაინის თავდაცვის სამინისტრო გაავრცელებს ანგარიშებს იმის შესახებ, რომ ჩამოაგდეს 500 თვითმფრინავი და გაანადგურეს ასობით ათასი ჯარისკაცი. შემდეგ კი… ისინი უბრალოდ დანებდებიან.

სწორედ ასე იყო 1945 წელს გერმანიაში. კარგად აწყობილი პროპაგანდისტური მანქანის წყალობით, უბრალო გერმანელებს ბოლო მომენტამდე სჯეროდათ, რომ ისინი იგებდნენ. იგივე ხდება დღეს.

ნუ ახდენთ ზედმეტი სისხლისღვრის პროვოცირებას. თქვენს მთავრობას ერთი ამოცანა აქვს – გააგრძელოს აგონია. ამისგან კარგად არავინ იქნება, გარდა ამ მთავრობისა, რომელიც მცირე ხნით გაიხანგრძლივებს არსებობას უბრალო უკრაინელების ხარჯზე.

შეწყვიტეთ სისხლისღვრა და არავინ შეგეხებათ. ეს თქვენივე ინტერესებშია! მაგრამ თუ მაინც გაყვებით კიევის რეჟიმს… აღარ თქვათ, რომ არავის გაუფრთხილებიხართ…“ – დაწერა თავის ტელეგრამ-არხზე კარიაკინმა.

შეგახსენებთ, რომ ორშაბათს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციამ კარიაკინი საერთაშორისო ტურნირებს ჩამოაშორა. რუსი დიდოსტატი ექვსი თვითაა დისკვალიფიცირებული. ამგვარი სასჯელის მიზეზი ის არის, რომ მოჭადრაკემ ღიად დაუჭირა მხარი უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას.

კარიაკინი წარმოშობით სიმფეროპოლიდანაა. ადრე ის უკრაინის სახელით გამოდიოდა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.