„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ პუშკინის სკვერში აქცია გამართა
თბილისში, პუშკინის სკვერში „პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდულმა მოძრაობამ აქცია გამართა სახელწოდებით – „დავიცვათ ჩვენი ეროვნული საგანძური“.
აქციის მონაწილეების განცხადებით, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დაკეტვას აპროტესტებენ.
მათი თქმით, მუზეუმი სამი ოქტომბრიდან აღარ ფუნქციონირებს, მიზეზად კი, კონდიცირების სისტემის მწყობრიდან გამოსვლა სახელდება.
„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული მოძრაობის განცხადებით, მუზეუმს სჭირდება რეაბილიტაცია და ამან შესაძლოა ექსპონატების დაზიანება გამოიწვიოს.
აქციის მონაწილეთა მოთხოვნაა, შეიქმნას საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო ამ ექსპონატებთან დაკავშირებით და მასში ჩართული იყოს საზოგადოება.
„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლები ასევე მოითხოვენ, ეროვნული მუზეუმების გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის თანამდებობიდან გადადგომას.
მათივე განცხადებით, ისინი აქციებს გააგრძელებენ მანამ სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.