პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გრიგოლ ვაშაძის განცხადებას „ევროპულ საქართველოში“ არაკორექტულად და არასწორად მიიჩნევენ
„ევროპული საქართველო“ პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის სატელევიზიო ეთერით გაკეთებულ განცხადებასა და გამოთქმულ კრიტიკულ შეფასებებს ეხმაურება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა, მათ შორის, განსაკუთრებით მათი, ვინც პროტესტი გამოხატა და ჯანმრთელობის, სიცოცხლის რისკის ფასად ხელისუფლებას სამოქალაქო საზოგადოების დიდი სიმტკიცე აჩვენა.
თუმცა, „ევროპული საქართველოს“ განცხადებით, ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია და დღეს პროპორციული არჩევნები მიღწეული არაა.
პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან „ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, არაკორექტული და არასწორია“.
„საქართველოს თავისუფლების, დასავლური არჩევანისა და ეკონომიკური კეთილდღეობისთვის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი მთავარ საფრთხეს წარმოადგენს. ღირებულებებით და სტრატეგიით განსხვავებული პოლიტიკური პარტიების ვალია, ამ ამოცანის გადაჭრაზე კონცენტრირება.
2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება ქართული დემოკრატიისთვის საკვანძო მნიშვნელობისაა. ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ამ პირობის დადება ქართული საზოგადოების აქტიურობისა და სიმამაცის დამსახურებაა; მათ შორის, განსაკუთრებით მათი, ვინც პროტესტი გამოხატა და ჯანმრთელობის და სიცოცხლის რისკის ფასად სამოქალაქო საზოგადოების დიდი სიმტკიცე აჩვენა ხელისუფლებას.
დღეს პროპორციული არჩევნები მიღწეული არაა. ბიძინა ივანიშვილმა პირობა დაარღვია. ამ ვითარებაში ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან ამ ჯერ არშესრულებული პირობის დადების საკუთარ თავზე მიწერა, რბილად რომ ვთქვათ, არაკორექტული და არასწორია“,- ნათქვამია განცხადებაში.
პარტიაში განმარტავენ, რომ ასევე შეცდომაა აღნიშნულ არაკორექტულ განცხადებაზე რეაგირებისას ოპოზიციის შემდგომი კოორდინაციისთვის ნებისმიერი პოლიტიკური ძალის მხრიდან რაიმე წინაპირობის დაყენება.
„ბუნებრივია, რომ ამ კონტექსტში მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვისაც მეტი პოლიტიკური წონა აქვთ. მოვუწოდებთ ყველას, ვკონცენტრირდეთ ეროვნულ ამოცანაზე – ივანიშვილის ხელისუფლებიდან ჩამოცილებაზე. შემდგომი კონკურენციის პირობებში პოლიტიკურ პარტიებს შორის არსებული ფასეულობითი და სტრატეგიული სხვაობები საჯარო დისკუსიის ბუნებრივი და აუცილებელი ნაწილი იქნება“, – აღნიშნულია „ევროპული საქართველოს“ განცხადებაში.
შეგახსენებთ, „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი.
ჯაფარიძის უკმაყოფილება გრიგოლ ვაშაძის მიერ, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.
ჯაფარიძე პროპორციულ არჩევნებზე ვაშაძის პოზიციას არ ეთანხმება.
„ამ ადამიანმა განაცხადა და თან არაერთხელ, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენ დავადებინეთ ხელისუფლებას, მადლობა ახალგაზრდებსო, მაგრამ ეს საქმე ჩვენი გაკეთებული არისო. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს და გვაქვს პოლიტიკური კონსულტაციები ყველა პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთ ლიდერთან უამრავ მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის პირველ რიგში, როგორ უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა, როცა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში. კონკრეტულად ამ ადამიანთან საუბარს აღარ ვაპირებთ და მათ შორის ეს ადამიანი თუ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ აზრის გამხმოვანებელი, იმ საერთო საკონსულტაციო ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“ ,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.
საკითხს გამოეხმაურა მოძრაობა „სირცხვილიას“ წარმომადგენელი შოთა დიღმელაშვილიც: „გადმომცეს, გრიგოლ ვაშაძეს უთქვამს, ჩემი მოთხოვნილია პროპორციული არჩევნები, არაფერი შეგეშალოთო. შეგახსენებთ, ეს ის კაცია, რომელიც ზაფხულში, აქციებზე, სცენაზე კი არა, სცენის უკანაც არ შემოუშვა ჩვენმა დაცვამ. ორჯერ გამარჯობის თქმას მოსდევს ხოლმე თავში ავარდნა რიგ შემთხვევებში. კარგია, რომ ნოდარ რუხაძემ წინდახედულობა გამოიჩინა და შეინახა ის ისტორიული დოკუმენტი, რომელზეც ჩამოვწერეთ 21 ივნისს წამოყენებული სამი მოთხოვნა. პარტიებთან პირობა ერთი იყო: ისარგებლებდნენ ჩვენი სცენით თუ იზიარებდნენ ჩვენს მოთხოვნებს, არაფერს აკლებდნენ და არაფერს ამატებდნენ მათ. აგრეთვე, ყველა პარტიიდან თანაბარი რაოდენობის სპიკერი იქნებოდა და ამ სპიკერებს არა ისინი, არამედ ჩვენ შევარჩევდით. ძალიან არასწორ ეგოს შეეხო“,- დაწერა შოთა დიღმელაშვილმა „ფეისბუქის“ გვერდზე.