გრიგოლ ვაშაძის გამო „გირჩმა“ შესაძლოა, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა აღარ მიიღოს
გრიგოლ ვაშაძის გამო „გირჩმა“ შესაძლოა, ოპოზიციის საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში მონაწილეობა აღარ მიიღოს

„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მონაწილეობას არ მიიღებს ოპოზიციის საერთო საკონსულტაციო ფორმატის შეხვედრებში, რომელშიც გრიგოლ ვაშაძე იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, პარტიის პოზიციის გამხმოვანებელი.

ჯაფარიძის უკმაყოფილება გრიგოლ ვაშაძის მიერ, ერთ-ერთი მედიასაშუალების ეთერში პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულმა განცხადებამ გამოიწვია.

ჯაფარიძე პროპორციულ არჩევნებზე ვაშაძის პოზიციას არ ეთანხმება.

„გუშინ ეკა კვესიტაძის გადაცემაში ამ ადამიანმა განაცხადა და თან არაერთხელ, რომ პროპორციული არჩევნები ჩვენ დავადებინეთ ხელისუფლებას, მადლობა ახალგაზრდებსო, მაგრამ ეს საქმე ჩვენი გაკეთებული არისო. ჩვენ ვაგრძელებთ კონსულტაციებს და გვაქვს პოლიტიკური კონსულტაციები ყველა პარტიასთან, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ არაერთ ლიდერთან უამრავ მნიშვნელოვან თემაზე, მათ შორის პირველ რიგში, როგორ უნდა შევცვალოთ ეს ქვეყანა, როცა ივანიშვილი აღარ იქნება ხელისუფლებაში. კონკრეტულად ამ ადამიანთან საუბარს აღარ ვაპირებთ და მათ შორის ეს ადამიანი თუ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ აზრის გამხმოვანებელი, იმ საერთო საკონსულტაციო ფორმატში ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ“ ,- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.