პროკურორის ცნობით, ალექსანდრ სმირნოვს, რომელსაც ჯო ბაიდენისა და მისი შვილის შესახებ ცრუ ჩვენებების მიცემაში ედება ბრალი, რუსულ სპეცსამსახურებთან მაღალი დონის კავშირები აქვს
გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილ ინფორმატორს, ალექსანდრ სმირნოვს, რომელსაც ჯო ბაიდენისა და მისი შვილის შესახებ ცრუ ჩვენებების მიცემაში ედება ბრალი, რუსულ სპეცსამსახურებთან მაღალი დონის კავშირები აქვს, – ამის შესახებ ინფორმაციას პროკურორი ავრცელებს.
43 წლის სმირნოვი, რომელიც ლას ვეგასის აეროპორტში გასულ კვირას დააკავეს, აშშ-ისა და ისრაელის მოქალაქეა. პროკურატურა მისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა სამშაბათს მოსამართლე დანიელ ოლბრეგტსმა ის პატიმრობიდან გაათავისუფლა სასამართლომდე GPS-ის მონიტორინგის პირობით. მას ნევადის შტატის კლარკის ოლქის დატოვება ეკრძალება. სასამართლოს შენობიდან გასვლისას სმირნოვს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
სმირნოვს გასულ კვირას ბრალი წაუყენეს გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ჯო ბაიდენისა და მისი შვილის, ჰანთერ ბაიდენის შესახებ ცრუ ჩვენებების მიცემაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 25 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. ის ამტკიცებდა, რომ უკრაინულმა ენერგოკომპანია „ბურიზმამ“ მილიონობით დოლარი გადაუხადა ჯო ბაიდენს და მის ვაჟს. ჰანთერ ბაიდენი 2014-2019 წლებში „ბურიზმას“ დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
დეკემბერში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საიმპიჩმენტო გამოძიების ოფიციალურად დაწყებას მხარი დაუჭირა. წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელები დემოკრატ პრეზიდენტს და მის ოჯახს ადანაშაულებენ არამართლზომიერი შემოსავლის მიღებაში პოლიტიკური გადაწყვეტილებებიდან, რომლებშიც ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის დროს მონაწილეობდა.