პროკურორი - სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, რომ „თიბისი ბანკმა“ 16 მილიონი აშშ დოლარის ზიანი მიიღო
პროკურორი - სხდომაზე მოწმემ დაადასტურა, რომ „თიბისი ბანკმა“ 16 მილიონი აშშ დოლარის ზიანი მიიღო

სხდომაზე მოწმის ჩვენებით დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ სესხების გაცემის შემდგომ თანხები „სამგორი ჯგუფიდან“ გადასესხდა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე, – ამის შესახებ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, საქმეზე დასაკითხ პირთა სიაში როგორც „თიბისი ბანკის“ წარმომადგენლები, ასევე „სამგორი ჯგუფის“ წარმომადგენლები, გამომძიებლები და ფინანსისტები.

„დღევანდელ პროცესზე მნიშვნელოვანი მოწმე დაიკითხა. ის გახლდათ ეროვნული ბანკის წარმომადგენელი, რომელმაც ჩაატარა შემოწმება „თიბისი ბანკში“. აღნიშნული მოწმის ჩვენებით დადასტურდა კიდევ ერთხელ, რომ სესხების გაცემის შემდგომ ეს სესხები „სამგორი ჯგუფიდან“ გადასესხდა მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეზე. ეს მოხდა რეგულაციების დარღვევით. ასევე, დადასტურდა, რომ ბანკმა უზრუნველყოფის ქონებების მიქცევა სესხების ამოსაღებად არ განახორციელა. ესეც იყო რეგულაციების დარღვევა. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ამ ქმედებებით „თიბისი ბანკმა“ მიიღო 16 მილიონის ოდენობის აშშ დოლარის ზიანი. აღნიშნულმა მოწმემ ჩაატარა ინტერესთა კონფლიქტთან შეუთავსებლობის შემოწმება. უკანონო შემოსავლის კვალიფიკაციის ფაქტს აძლევს ბრალდების მხარე. ჩვენ ამ ქმედებებს მივეცით სისხლის სამართლებრივი შეფასება, რომ ეს იყო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია. ასე იყო, თუ არა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ. შესაბამისად, ფინანსისტი და ეროვნული ბანკის წარმომადგენელი ამ საკითხზე თავის დასკვნას ვერ გააკეთებს“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა

„რაც შეეხება ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პოზიციას, რომ აღნიშნულ ბრალდების საქმეზე სიხშირით ჩაინიშნა სასამართლოსი სხდომები, პროკურორმა განმარტა, რომ შესაძლოა გადაწყვეტილება მოწმეთა რაოდენობას უკავშირდებოდეს.

„სასამართლო სხდომაზე, მხარეებს შემოგვთავაზეს, რომ გარკვეულ მოწმეებზე შეგვეძლო შევთანხმებულიყავით. ასეთ შეთანხმებებს ვერ მივაღწიეთ, დაცვის მხარემაც უარი განაცხადა. მოწმეთა ბაზა საკმოდ ვრცელია, 70-ზე მეტი მოწმეა დასაკითხი და როგორც ხედავთ, ერთ პროცესზე, მხოლოდ ერთი მოწმის დაკითხვა მოესწრო. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ შესაძლოა, ეს გამოწვეუყი იყოს მხოლოდ აღნიშნულიდან გამომდინარე“, – განაცხადა ტყეშელაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი დაიკითხა.

მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 24 ივლისს წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით. საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი ასევე ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელსაც.