პროკურორი - საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე საფრთხე ემუქრება
პროკურორი - საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე საფრთხე ემუქრება

საქართველოს პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე საფრთხე ემუქრება, – ამ განცხადებით მიმართა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სასამართლოს.

პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, 5 ივლისს საკუთარი პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ილია თვალიაშვილმა მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არც ახლაა მსუბუქი.

„პირველი არხის ოპერატორის ჯანმრთელობის მდგომარეობას დღემდე ემუქრება საფრთხე. არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის მომეტებული საფრთხე. მისი მხრიდან განხორციელებული ქმედება იყო დისკრიმინაციული და პროფესიული ნიშნით ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ნიშნით. მის მიმართ თუ არ იქნება გამოყენებული პატიმრობა, ეს ვერ უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას“, – განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.  პროკურატურამ საქართველოს პირველი არხის ოპერატორის მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო დევნისა და ძალადობის ფაქტზე გიორგი მაღრაძეს ბრალდება დღეს წარუდგინა.