პროკურორი - სააკაშვილს ფუფუნებისთვის, ეპილაციის, ბოტოქსის, გამაჯანსაღებელი პროცედურების, მკერდით ხატვის სერვისისთვის აქვს გახარჯული თანხები და დაცვის მხარე ცრუობს, რომ ამ თანხებში წარმომადგენლობითი ხარჯები შედის

სააკაშვილს ფუფუნებისთვის, ეპილაციის, ბოტოქსის, გამაჯანსაღებელი პროცედურების, მკერდით ხატვის სერვისისთვის აქვს გახარჯული თანხები და დაცვის მხარე ცრუობს, რომ ამ თანხებში წარმომადგენლობითი ხარჯები შედის, – ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის პროკურორმა, არჩილ ტყეშელაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა.

პროკურორის თქმით, საქმე, რომელზეც მორიგი პროცესი ხვალ იმართება, შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის 9 მლნ ლარის გაფლანგვას.

„ხვალ იმართება საქმის განხილვა ბრალდებულ სააკაშვილის საქმეზე. ეს საქმე შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის 9 მლნ ლარის გაფლანგვას. ეს თანხები გაფლანგულია ბრალდებულ სააკაშვილის პირადი სიამოვნებისთვის და ფუფუნების მიზნებისათვის დანაშაულებრივად. აღნიშნულ საქმეზე ბრალდების მხარეს უკვე დასრულებული აქვს მტკიცებულებების გამოკვლევა. საქმეზე წარვადგინეთ არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რომლებითაც დასტურდება მიხეილ სააკაშვილის ბრალეულობა. რაც შეეხება ხვალინდელი სხდომის ეტაპს, უკვე გადასული ვართ დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე და წესით, ხვალ უკვე დაცვის მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები. თუმცა, მხედველობაში თუ მივიღებთ წინა პროცესს, რომელიც გაიმართა საქალაქო სასამართლოში, ბრალდებულ სააკაშვილს არ ჰქონია საერთოდ სურვილი, რომ არსებითად მიეღო საქმის განხილვაში მონაწილეობა. ის უბრალოდ განცხადებების გამო იყო მისული. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ მაინც შეასრულებენ ადვოკატების და დაცვის მხარე თავიანთ ვალდებულებას და გავაგრძელებთ მტკიცებულებების გამოკვლევას“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ ბრალდების მხარემ საქმეზე არაერთი უტყუარი მტკიცებულება წარადგინა.

„მათ შორის არის უშუალოდ დოკუმენტები, რომლებითაც უტყუარად დასტურდება, რომ ეს ხარჯები დანაშაულებრივი გზით იყო გაწეული. საქმეში წარმოდგენილი იყო ასევე ჩვენებები და ამ მოწმეთა ჩვენებებით დასტურდებოდა, რომ ეს ხარჯები არამიზნობრივად გაიხარჯა, მათ შორის იყო აუდიტის დასკვნა და ამ დასკვნის შემდგენი პირებიც დაიკითხნენ სასამართლო პროცესზე. ეს მტკიცებულებები უტყუარია და დანაშაული რომ სახეზეა, ეს ძალიან მარტივად დასტურდება იმითაც, რომ წარმოიდგინოთ – თავისი ფუფუნებისთვის და სიამოვნებისთვის ბრალდებულ სააკაშვილს მაგალითად 150 000 ლარამდე მხოლოდ სტილისტთან აქვს გადახდილი თმის შეჭრისთვის; ასევე, რომ წარმოვიდგინოთ, 190 000 ლარი დაუჯდა დაახლოებით, პირადი მზარეული რომ დაექირავებინა; 600 000 ლარამდე არის გახარჯული ეპილაციაზე, ბოტოქსების გაკეთებაში და გამაჯანსაღებელ პროცედურებში. შესაბამისად, ყველა ამ მტკიცებულებით, რაც წარვადგინეთ, უტყუარად დასტურდება, რომ ეს ხარჯები არანაირ მიზნობრივ მიზანს არ ემსახურებოდა, გარდა ერთისა, რომ პირადი ფუფუნებით და სიამოვნებით ესარგებლა ბრალდებულს და გაეფლანგა ჩვენი ბიუჯეტის კუთვნილი თანხები. ამაში არის მისი გამოცემული განკარგულებებიც. როგორც მოგეხსენებათ, ეს თანხები გაიხარჯა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარული ხარჯებიდან. არანაირ ფარულ ხარჯებს ეს ხარჯები არ წარმოადგენდა და მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით და მონაწილეობით შეინიღბა ზუსტად იმის გამო, რომ ამ თანხების ხარჯვა იყო დანაშაულებრივი, უკანონო; საზოგადოებისთვის რომ არ გამხდარიყო ეს ცნობილი, ზუსტად ამას ემსახურებოდა ის, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ფარულ ხარჯებში იქნა ეს ხარჯები გატარებული“, – განაცხადა საქმის პროკურორმა.​

შეკითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა თუ არის და რით მტკიცდება მისი უშუალო მონაწილეობა, პროკურორმა აღნიშნა: „დიახ, რა თქმა უნდა არსებობს შესაბამისი დოკუმენტური მტკიცებულებებიც და ასევე, როგორც მოგახსენეთ, მოწმეთა ჩვენებები, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისა და მაღალი ხელმძღვანელი პირების ჩვენებებიც, რომ ეს დავალებები უშუალოდ მიხეილ სააკაშვილისგან მოდიოდა და პირდაპირ ეს თანხები, რასაც ვამბობთ, მიხეილ სააკაშვილს ხმარდებოდა. ის კი არ იყო, რომ მან უბრალოდ რაღაც განკარგულება გამოსცა და სადღაც უბრალოდ თანხა გადაირიცხა, უშუალოდ, პირადად მას ხმარდებოდა. როგორც გითხარით, სტილისტის მომსახურებაში გადახდილი აქვს 150 000 ლარი და გასახდომ პროცედურებში, სხვადასხვა ქალაქებში მოგზაურობდა, 600 000 ლარამდე არის დახარჯული. ეს მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობას. მარტივად რომ შევხედოთ, უშუალოდ მას ხმარდებოდა ეს თანხები დანაშაულებრივად“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.

პროკურორმა აღნიშნა, რომ თემურ ჯანაშიას მონაწილეობით ხდებოდა ამ თანხების გაფლანგვა.

„ამ საქმეზე ჯანაშიაც გახლავთ ბრალდებული. მისი მონაწილეობით ხდებოდა ამ დანაშაულებრივი გზით თანხების გაფლანგვა. ამ გაფლანგვაში ჯანაშიაც იღებდა მონაწილეობას და სწორედ ამიტომ, ისიც დღეს ზის ბრალდებულის სკამზე. ეს დანაშაული საკმაოდ მასშტაბურია. როგორც მოგახსენეთ, 9 მლნ ლარი არის გაფლანგული. აქ არ არის პატარა თანხაზე საუბარი და 9 მლნ ლარი სრულად მიხეილ სააკაშვილის ფუფუნებისთვის და სიამოვნებისთვის დაიხარჯა. ეს თანხა გაიხარჯა 2009 წლიდან 2013 წლის დასაწყისამდე.

დაცვის მხარე რაზეც საუბრობს, ეს არის სრული სიცრუე. არანაირი წარმომადგენლობითი ხარჯები ამ თანხებში არ შედის. ამ ოთხ წელიწადში (2009-2013 წლებში) მიხეილ სააკაშვილს მთავრობის ადმინისტრაციიდან გამოყოფილი ჰქონდა 20 მლნ ლარი და ეს 20 მლნ ლარი იხარჯებოდა მისი ადმინისტრაციული და წარმომადგენლობითი ხარჯების გასაწევად. ამ 20 მლნ ლართან დაკავშირებითაც კი ბევრი შეკითხვა არსებობს. არსებობს ცალკე სისხლის სამართლის საქმე და ამ საქმეზეც გამოძიება გრძელდება. ანუ ამ 20 მლნ ლარში, რომელიც მას არა ფარული ხარჯის სახით, არამედ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ აქვს დახარჯული, ამ თანხებშიც კი ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს. თუმცა, როგორც გითხარით, ამ ოთხ წელში ეს 20 მლნ ლარი მთავრობის ადმინისტრაციიდან აქვს დახარჯული და 9 მლნ ლარი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი სიამოვნებისთვის და ფუფუნებისთვის, არანაირ წარმომადგენლობით ხარჯში ელემენტარულად ვერ ჩაჯდება, ამაზეა საუბარი და ეს 9 მლნ ლარი მხოლოდ ასეთ ხარჯებს შეეხება, როგორიცაა ეპილაცია, ბოტოქსი, გამაჯანსაღებელი პროცედურები მისი, სურათების ხატვა, მკერდით ხატვის სერვისი აქვს მას მიღებული და ეს სურათი აქვს შეძენილი. როგორც გითხარით, პირად მზარეულზე 190 000 ლარი აქვს დახარჯული. ახალ წლებზე თვითონ თავის მეგობრებთან ერთად მიდიოდნენ დუბაიში და ძვირად ღირებულ ფეშენებელურ სასტუმროში ისვენებდა მეგობრებთან ერთად და ასეთი ხარჯი მაგალითად, ერთჯერადად 250 000 ლარია. ანუ, რასაც დაცვის მხარე აპელირებს, ეს არის სრული სიცრუე და არც ერთი წარმომადგენლობითი ხარჯი, რომელიც ზოგადად პრეზიდენტის წარმომადგენლობას ან მის ადმინისტრაციულ ფუნქციებს შეეხება, ამ 9 მლნ ლარში არ ფიგურირებს და არ არის გახარჯული ამ მიზნით.

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოვალეობა იყო, რომ ხარჯები ასეთი სახით ყოფილიყო გატარებული. პატაკებით იყო, ასე ვთქვათ, ეს ხარჯები ჩამოწერილი და გამოძიებით იქნა მოპოვებული ეს დოკუმენტები. ეს არის უკვე წმინდად გამოძიების საკითხი. გამოძიებამ მოიპოვა ეს მტკიცებულებები და ისინი არის საქმეში წარმოდგენილი“, – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.