პროკურორი რობერტ მიულერი დონალდ ტრამპის სიძისა და მრჩევლის უცხოურ ინვესტორებთან კავშირებს იძიებს
სპეციალური პროკურორი რობერტ მიულერი დონალდ ტრამპის სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის უცხოურ ინვესტორებთან კავშირებს იძიებს. ამის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი იუწყება.
კერძოდ, ტელეკომპანიის ცნობით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე მომუშავე სპეციალური პროკურორის ოფისი დაინტერესდა კუშნერის საქმიანობით, რომლითაც ის საკუთარი კომპანიის დასაფინანსებლად უცხოელ ინვესტორებს იძიებდა. საუბარია გარდამავალ პერიოდზე – 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებიდან დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე.
CNN-ის ცნობით, რობერტ მიულერი იკვლევს კუშნერის კავშირებს ინვესტორებთან არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც, მათ შორის ჩინეთიდან.
გარდამავალი პერიოდის დროს კუშნერი უცხოური ქვეყნების წარმომადგენლებთან დონალდ ტრამპის მთავარი საკონტაქტო პირი იყო. CNN-ის მონაცემებით, ამ პერიოდში კუშნერს კავშირი ჰქონდა 50-ზე მეტ ადამიანთან 15 ქვეყნიდან.