პროკურორი - ნიკა გვარამიასთვის გირაოს ოდენობა, მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, 80 000 ლარი იქნება
ნიკა გვარამიასთვის გირაოს ოდენობა, მისი ქონებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, 80 000 ლარი იქნება, – ამის შესახებ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც ცოტა ხანში „რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელონ. მისი თქმით, გვარამიას ბოლო ხელფასის მეშვეობითაც იქნა განსაზღვრული აღნიშნული თანხა.
პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ მოთხოვნილი იქნება დამატებითი ღონისძიების გამოყენებაც, რაც გულისხმობს, რომ ბრალდებულს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.
„როგორც მოგეხსენებათ, 2019 წლის 9 აგვისტოს გამოტანილი იქნა დადგენილება ნიკა გვარამიას ბრალდების შესახებ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გულისხმობს საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას. კერძოდ, გამოძიებით დადგენილია, რომ ნიკა გვარამიას მიერ საწარმოში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-მა ვერ მიიღო 6 763 509 ლარი, რითაც კომპანიას მიადგა დიდი ოდენობით ზიანი. რაც შეეხება დღევანდელ დღეს, ბრალდების მხარემ შემოიტანა შუამდგომლობა ბრალდებულ ნიკა გვარამიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შესახებ 80 000 ლარის ოდენობით.
ამავე დროს, ჩვენი მხრიდან მოთხოვნილ იქნა დამატებითი ღონისძიების გამოყენება, რაც გულისხმობს, რომ ბრალდებულს აეკრძალოს საქართველოს საზღვრის დატოვება სამართალდამცავი ორგანოს ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე. სისხლის სამართლის საქმეში მოპოვებული მტკიცებულებები იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ ბრალდებული მიიმალება, მოახდენს მოწმეებზე ზეწოლას, ასევე ხელს შეუშლის მტკიცებულებების მოპოვებას. არსებობს ამის რეალური საფრთხეები და მიგვაჩნია, რომ გირაო და დამატებითი ღონისძიება იქნება ამ საფრთხეების განეიტრალების ერთადერთი საშუალება.
გირაოს ოდენობა გახლავთ 80 000 ლარი, აღნიშნული თანხა მიღებული გვაქვს იქიდან, რომ ბრალდებულის ქონებრივი მდგომარეობა შევისწავლეთ, მათ შორის მისი შემოსავლები კომპანიაში გენერალურ დირექტორად მუშაობის პერიოდში. ბოლო ხელფასის მეშვეობითაც იქნა განსაზღვრული აღნიშნული თანხა და მიგვაჩნია, რომ 80 000 ლარი არის სრულიად ადეკვატური თანხა და უზრუნველყოფს ბრალდებულის სათანადო ქცევას“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.
პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს ხელთ აქვს მტკიცებულებები, რომლებიც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი არის სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რაც გულისხმობს კომპანიისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენებას.
„მთავარი მტკიცებულებები გახლავთ ფინანსური დოკუმენტები, რომლებიც გახლავთ საქმეში, არსებობს რემისიის დასკვნა, არსებობს მოწმეთა ჩვენებები. მთლიანობაში აღნიშნული დოკუმენტები და მტკიცებულებები იძლევა დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის საფუძველს, რომ ნიკა გვარამიას მიერ ჩადენილი არის დანაშაული“, – განაცხადა პროკურორმა.
მან განმარტა, რომ გამოძიება 20 ივლისს დაიწყო და საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
„საწყის ეტაპზევე, იქნა ამოღებული და შესწავლილი დოკუმენტები. შემიძლია გითხრათ, რომ ზედაპირზევე იდო აღნიშნული დანაშაული, შესაძლო დანაშაულების ფაქტი და სწორედ ამიტომ, მას შემდეგ, რაც მთლიანად შესწავლილი იქნა ყველა დოკუმენტი, გამოტანილი იყო დადგენილება. თუმცა, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არ მოიცავს მხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, როგორც ჩვენ გუშინ კიდევ ერთხელ განვაცხადეთ, გამოძიება გრძელდება. ფაქტი, რომ დადგენილება იქნა გამოტანილი, გამოძიების დასრულებას არ ნიშნავს. პროკურატურაში გრძელდება გამოძიება სხვადასხვა ფინანსურ გადარიცხვასთან დაკავშირებით, მათ შორის ქონებების გადაფორმებასთან დაკავშირებით.
არსებობს ლეგიტიმური ეჭვები, ლეგიტიმური კითხვები გამოძიების მხრიდან, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მას შემდეგ, რაც მიღებული იქნება შესაბამისი მტკიცებულებები, ეცნობება საზოგადოებას“, – განაცხადა ზვიად გუბელაძემ.