პროკურორი მორაგბე მერაბ კვირიკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში ბრალდებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე მოსამართლემ ბრალდების მხარის მტკიცებულებები განიხილა. აღნიშნულ მტკიცებულებებში სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დადებული დასკვნის მტკიცებულებად მიღების შუამდგომლობა დააყენა დაცვის მხარემ, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა.
კვირიკაშვილის ადვოკატის, ნუგზარ კვინიკაძის თქმით, ექსპერტიზის დასკვნით, ავარიაში მორაგბის ბრალეულობა არ იკვეთება. ადვოკატი იმასაც ამბობს, რომ საქმეში მესამე ავტომობილი ფიგურირებს, რომელმაც მოძრაობის უსაფრთხოებას საფრთხე შეუქმნა. დაცვის მხარე ასევე სასამართლო პროცესზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების დაკითხვას ითხოვდა, რისი შუამდგომლობაც მოსამართლე მურთაზ კაპანაძემ დააკმაყოფილა.
სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის მტკიცებულებად დაუშვებლობას ითხოვს პროკურატურა. პროკურორ გივი შენგელიას თქმით, სასამართლომ მორაგბის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გამოიტანოს.
საქმეზე მორიგი პროცესი 19 მარტს 14:00 საათზე ჩაინიშნა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მორაგბეს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ავტოსაგზაო შემთხვევას მორაგბის მეუღლე, ასევე 26 წლის გიორგი პაპასკირი, ნუცა კალანდარია და ანი ჩხაიძე ემსხვერპლნენ.
მომხდარის გამო, მორაგბის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს გიორგი პაპასკირის დედა.