პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმე, რაზეც დღეს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი და მიხეილ რამიშვილი დაიკითხებიან, მტკიცებულებების ფალსიფიკაციის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას ეხება.
კერძოდ, მისი თქმით, დღევანდელი დაკითხვა იმ ფოტოსურათებს შეეხება, რასთან დაკავშირებითაც დავით ფურცხვანიძე ფიგურირებს.
ამასთან, პროკურორი ამბობს, რომ მიხეილ რამიშვილის მობილურ ტელეფონში მნიშვნელოვანი ინფორმაცია აღმოჩნდა და კითხვებიც სწორედ ამას უკავშირდება.
„ეს მიმდინარე გამოძიება დამცველ ადვოკატებს არ აფერხებს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე მიმდინარე საქმეზე მოვიდნენ, საქმის მასალებს გაეცნონ. დღევანდელი დაკითხვა დავით ფურცხვანიძესთან მიმართებაში წარმოდგენილ ფოტოსურათებს შეეხება. მიხეილ რამიშვილთან კითხვები გვექნება იმ მნიშვნელოვან ინფორმაციასთან დაკავშირებით, რაც მის მობილურ ტელეფონში აღმოჩნდა“, – განაცხადა პროკურორმა.
ამასთან, დავით გუმბერიძე ამბობს, რომ მიხეილ რამიშვილმა გამოძიებას ფოტოსურათები წარუდგინა და საქმეზე მის მტკიცებულებად დართვასაც ითხოვდა.
„ბატონმა მიხეილ რამიშვილმა ფოტოსურათები წარმოგვიდგინა და მისი საქმეზე, როგორც მტკიცებულების დართვა მოითხოვა. ის არ გახლავთ ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, მან როგორც ადვოკატმა, მოიტანა ფოტოსურათები და ჩვენგან მოითხოვა, მოცემულობად მიგვეღო, გარემოება შეგვესწავლა, რადგან ამ ორი ფოტოსურათით დასტურდებოდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის ავტომანქანა 2020 წლის 19 ივლისს, მაწევანის ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა.
არ მინდა შევაფასო, რომ გარკვეულწილად ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ, რადგან ამ საქმეში ჯერჯერობით პასუხისმგებლობის საკითხს, თუნდაც მიხეილ რამიშვილის მიმართ, მიმდინარე გამოძიების მიხედვით არ განვიხილავთ. საქმესთან მიმართებაში ყველა საგამოძიებო მოქმედებას ვატარებთ. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პირის პასუხისმგებლობის საკითხი დადგინდა, ნებისმიერი პირის მიმართ მივიღებთ სამართლებრივ გადაწყვეტილებას.
რამიშვილის ტელეფონში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი მტკიცებულებები, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციის ამსახველი საუბრები, ასევე ის ფოტოსურათები, რომელიც გამოძიებაში წარმოგვიდგინა, რაზეც ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მონტაჟის შედეგად არის მიღებული, შეიცავს ცრუ ინფორმაციას და ყალბია. ასევე აღმოჩნდა სხვა ფოტოსურათები, რომელიც სატელიტის ფოტოებს უკავშირდებოდა. ჩვენ ამ გარემოებებთან გვექნება კითხვები. ასევე დავაზუსტებთ იმ ინფორმაციას, თუ ვინ იყო მის კონტაქტებში ჩაწერილი „ყარაბახად“, რადგან საჯაროდ ბატონი მიხეილ რამიშვილის სხვა განმარტებებს ვისმენთ, თუმცა, ტელეფონის დათვალიერებით დგინდება, რომ გადმომგზავნი პირი, ვინც ჩაწერილი ჰყავდა 2020 წლის 9 სექტემბერს, ამ მოცემულობით კომუნიკაცია ამ პირსა და მიხეილ რამიშვილს შორის არის დავით ფურცხვანიძე.
შემდეგ ვინ შეცვალა, ვინ ჩაწერა კონტაქტად და მიხეილ რამიშვილმა მის ტელეფონში გარკვეულ პირებს რა სახელი დაარქვა, ჩვენი განსახილველი არ არის. დღეის მოცემულობით, ფურცხვანიძე ჩაწერილი ჰყავს, როგორც „დავითი სატელიტები“, მაგრამ მიმოწერით სულ სხვა ფაქტი დგინდება. კომპიუტერისგან მიღებული ინფორმაცია, რაც განვიხილეთ და რაც კონკრეტულად ამ პიროვნებების სატელეფონო ინფორმაციიდან მოვიპოვეთ, რა თქმა უნდა, საფუძველს გვაძლევდა, გვეფიქრა კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტთან და ფალსიფიკაციის ფაქტზე. ეს არის ორი მუხლი, რაზეც პროკურატურა გამოძიებას აწარმოებს. რა ფაქტი დადგინდება გამოძიების შედეგად, ამას საზოგადოება მალე გაიგებს“, – განაცხადა გუმბერიძემ.
რაც შეეხება ადვოკატ მიხეილ რამიშვილის პოზიციას, ჟურნალისტების კითხვაზე, ადასტურებთ თუ არა, რომ კონტაქტში ჩაწერილი „ყარაბახი“ არის დავით ფურცხვანიძე და არა თქვენი შვილი, როგორც ამას ამბობდით, რამიშვილი პასუხობს: „გინდა იყოს ფურცხვანიძე, მერე რა? არის ხო, მერე რა?“.
ამასთან, ფოტომასალასთან დაკავშირებით რამიშვილი აცხადებს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი დავით ფურცხვანიძეა.
„რა სურათიც მოვიტანე და როგორც თვითონ ამბობდა, პასუხისმგებელი ვარო, ეგ არის ყველაფერზე პასუხისმგებელი“, – აღნიშნა რამიშვილმა.
გარდა ამისა, პროკურორის განცხადებაზე, რომ მიხეილ რამიშვილმა გამოძიებას ფოტოსურათები წარუდგინა და საქმეზე მის მტკიცებულებად დართვას ითხოვდა, რამიშვილი ამბობს, რომ გამოძიებას მხოლოდ ინფორმაცია გააცნო და თავად გაარკვიონ, იყო თუ არა ინფორმაცია მტკიცებულების ფორმით წარდგენილი.
„ბატონი დავითისგან მიღებული მქონდა მხოლოდ ექვსი ფოტოსურათი, მიმოწერა, დანარჩენი, რასაც აკეთებენ, კიდევ დაამატეს ახალი ახალი მუხლი, ესაა კომპიუტერში შეღწევა. ინფორმაცია არის ინფორმაცია, მტკიცებულების ფორმით რას ჰქვია, შუამდგომლობით მივიტანეთ?“, – დასძინა რამიშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის საქმეზე ამ წუთებში კითხვებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ქობესაშვილი პასუხობს. თუმცა, დღესვე იგეგმება ამავე საქმეზე ადვოკატ მიხეილ რამიშვილის გამოკითხვა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მიხეილ რამიშვილის მიერ წარმოდგენილი ე.წ. სატელიტის ფოტოები არის დამონტაჟებული და ყალბი. აღნიშნულის თაობაზე პროკურორმა ამირან გულუაშვილმა თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა კი აღნიშნა, რომ სატელიტიდან გადაღებული ფოტოები მას დავით ფურცხვანიძემ მიაწოდა.