პროკურორი - მიხეილ რამიშვილი ცდილობს, თავის გარშემო ემოციური ფონი შექმნას
მიხეილ რამიშვილი ცდილობს, თავის გარშემო ემოციური ფონი შექმნას, – ამის შესახებ პროკურორმა დავით გუმბერიძემ ექსპერტიზის ბიუროში შესვლამდე განაცხადა, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის ტელეფონის ექსპერტიზა ხორციელდება.
ამასთან, პროკურორი აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, პროკურატურა სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოქმედებს.
„ჩვენ ავიღეთ განჩინება, რაც შეეხება მიხეილ რამიშვილსა და დავით ფურცხვანიძეს შორის კომუნიკაციას და სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებულ საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას. გუშინ, როდესაც დაიწყო ამ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, მთელი პროცედურა, რაც ტელეფონიდან ინფორმაციის გამოთხოვას უკავშირდებოდა, ჩატარდა უშუალოდ მიხეილ რამიშვილის მონაწილეობით. ჩვენ იმ ორი ფოტოსურათის გარდა, ასევე აღმოვაჩინეთ სხვა სატელიტის ფოტოსურათებიც, სხვა ინფორმაციის მატარებელი, რომელიც შესაძლოა, ანალოგიურად შეიცავდეს არასწორ ინფორმაციას. ამის შემდგომ მიხეილ რამიშვილს შევთავაზეთ, რომ არ მომხდარიყო მოპოვებულ ინფორმაციაზე ავთენტიკურობასთან, შემხებლობასთან, წარმომავლობასთან დაკავშირებით საეჭვო გარემოებები და აგვერიდებინა უკვე შემდგომი განმარტებები, რასაც ადვოკატი გააკეთებდა, გამოთხოვის პროცედურა უშუალოდ ჩაგვეტარებინა ექსპერტის მონაწილეობით. ამაზე მიხეილ რამიშვილი დაგვთანხმდა. აქ ერთი გარემოება იყო, საგამოძიებო მოქმედებების დროს განაცხადა, რომ ოჯახის წევრი საავადმყოფოში იმყოფებოდა და დროებით შეგვეჩერებინა, ამიტომ მისი თანდასწრებით ტელეფონი დავლუქეთ, დაველოდეთ და შემდგომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში წავედით. ტელეფონი მისი თანდასწრებით გაიხსნა, უშუალოდ ყველა პროცედურას ესწრებოდა. რაც შეეხება შეჩერებას, ასევე მისი ინიციატივით შეჩერდა. დღეს დავბრუნდით იმიტომ, რომ მისი მონაწილეობით მოხდეს ინფორმაციის გამოთხოვა“, – განაცხადა პროკურორმა.
პროკურორის თქმით, ადვოკატის ტელეფონში, ასევე აღმოჩნდა სატელიტის რამდენიმე სხვა ფოტოც, რაც გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია.
„ტელეფონში აღმოჩნდა სხვა ფოტოები, რომელიც ასევე სატელიტის იყო. შესაბამისად, ეს ინფორმაციაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგანაც, მოგეხსენებათ, რომ რამიშვილმა გამოძიებას წარმოგვიდგინა მხოლოდ ორი ფოტოსურათი და მას ტელეფონში დავით ფურცხვანიძისგან გადაგზავნილი ჰქონდა სატელიტის რამდენიმე ფოტოსურათი. გამორიცხულია, რომ გამოძიების ხელში სხვა ტიპის ინფორმაცია მოხვდეს ტელეფონიდან. ამაზე საქართველოს პროკურატურა კატეგორიულ განმარტებას გააკეთებს. ჩვენ ვმოქმედებთ ყველა შემთხვევაში სასამართლოს განჩინების საფუძველზე. აქ მოქმედებები უკავშირდება მხოლოდ ფურცხვანიძესთან კომუნიკაციას, სხვა პირებთან მიმოწერაში არ შევდივართ და არ განვიხილავთ იმ მნიშვნელოვან ინფორმაციას, რაც შესაძლოა კავშირში არ იყოს საქმესთან. განვმარტავ, რომ მხოლოდ და მხოლოდ, დავით ფურცხვანიძესთან კომუნიკაციასა და სატელიტის ფოტოების ნაწილში ტარდება ინფორმაციის გამოთხოვა“, – განაცხადა გუმბერიძემ.
ამასთან, კითხვაზე, რომ მიხეილ რამიშვილი მის დაკავებას არ გამორიცხავს, პროკურორი აცხადებს, რომ „რამიშვილი ცდილობს, ემოციური ფონი შეიქმნას მის გარშემო“.
„დაკავებას, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას კონკრეტული საფუძველი სჭირდება. ამ ეტაპზე გიდასტურებთ, რომ მიმდინარეობს გამოძიება ფურცხვანიძის მიერ გადაგზავნილ ფოტოებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა გუმბერიძემ.
მისივე თქმით, ასევე ამოღებულია ფურცხვანიძის ტელეფონი და კომპიუტერი.
„ფურცხვანიძეს რაც უკავშირდებოდა, როგორც მობილური ტელეფონი, ასევე კომპიუტერი ამოღებულია. ფურცხვანიძე ჩვენ დავკითხეთ მოსამართლის წინაშე და სწორედ იქ განაცხადა, რომ რატომღაც ხუთი დღის წინ დაუზიანდა ტელეფონი, აღარ სარგებლობს იმ ტელეფონით, რითაც სურათები გადაუგზავნა მიხეილ რამიშვილს. შესაბამისად, ჩვენ დამატებით ჩავატარეთ საგამოძიებო მოქმედება და ამოვიღეთ ის დაზიანებული ტელეფონი, რომელიც მის ოჯახის წევრთან ინახებოდა“, – განაცხადა გუმბერიძემ.