პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი - მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარეს ჰყავდა ერთადერთი მოწმე, დათა ახალაია
მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობით, რომლებიც საქმეშია, ბრალდების მხარე ელოდებოდა დღეს მიხეილ სააკაშვილის განაჩენის ძალაში დატოვებას, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის საქმის პროკურორმა, ირაკლი ნადარეიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა.
„ბრალდებას ჰქონდა ეს მოლოდინი განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც დაცვის მხარეს ჰყავდა ერთადერთი მოწმე. ეს მოწმე იყო დათა ახალაია, რომელიც ამავე საქმის სხვა ეპიზოდზეა ბრალდებული და მიმდინარეობს საქმის განხილვაც. იმ მტკიცებულებებისა და ფაქტების ერთობლიობით, რაც საქმეშია, ბრალდების მხარე ელოდებოდა დღეს განაჩენის ძალაში დატოვებას. უცვლელადაა დატოვებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
მისივე თქმით, საქმეში არსებობდა როგორც პირდაპირი, ისე სხვა მტკიცებულებები, რომლებიც აკმაყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
„დაცვის მხარის ერთადერთი არგუმენტი იყო პოლიტიკური ელემენტებით გაჟღერებული მოტივები და ამის მცდელობა არაერთხელ იყო. განაჩენიც და ბრალდებაც სამართლებრივ გარემოებებზე იყო აწყობილი“, – დასძინა ნადარეიშვილმა.
რაც შეეხება დაცვის მხარეს, მიხეილ სააკაშვილის სახაზინო ადვოკატის, სოფიო გოგლიჩიძის თქმით, გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.
„ამ გადაწყვეტილების შემდეგ კომენტარი უკვე არის ზედმეტი. ჯერ არ მაქვს გადაწყვეტილი გასაჩივრება და ეს მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. პოლიტიკურ ნიშნებს რომ ვხედავდი, აქამდეც მითქვამს და დღესაც ამ აზრზე ვრჩები. ყველა მტკიცებულებაზე გვქონდა საპასუხო რეაქცია, ვეხებოდით ყველა საკითხს, თუმცა ეს სააპელაციომ არ გაითვალისწინა“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დღეს ძალაში დატოვა.