პროკურორი - გამოკითხვის დროს ნინო კალანდაძისგან ვერ მივიღეთ რამე გონივრული, დასაბუთებული პასუხი, ძირითადად ამბობდა, რომ არ იცის, არ ახსოვს
პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, გამოკითხვის დროს ნინო კალანდაძეს გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია არ მიუწოდებია და შეკითხვებზე საპასუხოდ ძირითადად აცხადებდა, რომ „არ იცის, არ ახსოვს“.
სადრაძის თქმით, კითხვები ეხებოდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე ყოფნის დროს ნინო კალანდაძის საჯარო განცხადებებს.
პროკურორის განმარტებით, ნინო კალანდაძე, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაშინ აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ის აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა.
„კითხვები მიმართული იყო მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, სადაც ის, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, აცხადებდა, რომ დავით გარეჯი არ იყო საქართველოს ტერიტორია და ის აზერბაიჯანს მიეკუთვნებოდა. ამასთან დაკავშირებით პასუხი პრაქტიკულად ვერ მივიღეთ. ვერ მივიღეთ რამე გონივრული, დასაბუთებული პასუხი, რომელიც შეიძლება, სამომავლოდ სამართლებრივი შეფასების საგანი გახდეს“, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნინო კალანდაძე თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა.