ნინო კალანდაძე - პროკურატურის შეკითხვები ეხებოდა ჩემს ისტორიულ განათლებას, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია
ნინო კალანდაძე - პროკურატურის შეკითხვები ეხებოდა ჩემს ისტორიულ განათლებას, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია

პროკურატურის შეკითხვები ჩემს ისტორიულ განათლებას შეეხებოდა და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნინო კალანდაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში თითქმის სამსაათიანი გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.

კალანდაძის თქმით, შეკითხვები დაუსვეს 2012 წელს, ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ მის მიერ გაკეთებულ განმარტებაზე და სასამართლოში აღნიშნული კომენტარი მოასმენინეს.

ნინო კალანდაძის განცხადებით, გამოკითხვის დროს ყველა შეთანხმდა, რომ ეს იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი ჩანაწერი.

„2012 წლის ბრიფინგთან დაკავშირებით, რომელიც არ ეხებოდა დავით გარეჯს, კითხვებიც არ დამისვეს, ეს განცხადება მოგვასმენინეს, შემდეგ შევთანხმდით, რომ ჩანაწერი კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი, რომ მისგან აზრის გამოტანა საკმაოდ რთულია.

გამიჭირდა კონკრეტული კითხვის გაგება, რა აინტრესებდათ ჩემს პასუხთან დაკავშირებით. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ აინტერესებდათ, რამდენად კარგად ვიცი საქართველოს ისტორია და რამდენად კარგად ვიცი, სად არის დავით გარეჯის კომპლექსი, რა შეათანხმებები არსებობს საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული“, – განაცხადა ნინო კალანდაძემ.

კალანდაძის განმარტებით, მიმდინარე საქმე ეხება საქართველო-აზერბაიჯანს შორის შეთანხმებულ საზღვრებს, დავით გარეჯის საკითხი კი შედის საქართველო-აზერბაიჯანის შეუთანხმებელი საზღვრების ნაწილში. მისივე თქმით, ბრალდების მხარის მრავალი მცდელობის მიუხედავად, ამ ორი საკითხის ურთიერთდაკავშირება შეუძლებელია.

„ეს არის სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც ძალიან უჭირს, ბრალდება ვერ კრავს საქმეს, მაგრამ მკაფიო პოლიტიკური დავალება აქვს, რომ ამ საქმიდან რამე გამოაძვრინოს. ამას მოწმობს ჩემი, როგორც მოწმის სტატუსით პირისთვის დასმული ყველა შეკითხვა, მათ შორის, ჩემი საჯარო განცხადებები, რომელიც ტელეფონში ჩამირთეს. მკითხეს სადემარკაციო კომისიასთან დაკავშირებული ძალიან ტექნიკური საკითხები. მათ განემარტათ, რომ ამ საქმიანობას არ ვიცნობ, მითუმეტეს, 2007 წლის პერიოდს და საერთოდ, არ ვიცნობ კომისიის საქმიანობას, რადგან კომისიასთან შეხება არ მქონია. მიუხედავად ამისა, ბრალდებას ჰქონდა მრავალი მცდელობა, მაინც დაესვა ის კითხვები, რომელიც დავალებული ჰქონდა. ბოდიში უხეში გამოთქმისთვის და ეს საქმე ყარს, პოლიტიკურია და ამას ხვდება „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა კალანდაძემ.